რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს პრეზიდენტი ვერ დანიშნავს – კონსტიტუციონალისტი

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ ახალი კონსტიტუციის თანახმად, რომელიც საქართველოს რიგით მეოთხე პრეზიდენტის არჩევისთანავე ამოქმედდება, პრეზიდენტს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების უფლება არ აქვს და შესაბამისად, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” სურვილი, გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, ფუჭია.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა, საქართველოში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ინიშნება მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა ვერ შეძლო მთავრობის შექმნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობას ვადამდე შეუწყდება უფლებამოსილება.

“ეს ხდება მხოლოდ ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ, ან იმ შემთხვევაში თუ პრემიერი გადადგა. თუ ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკურმა ძალამ, ამ შემთხვევაში “ქართულმა ოცნებამ” არ მოინდომა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, ეს არჩევნები არ გაიმართება. კონსტიტუცია ამას არ უშვებს. მაგრამ არის მეორე მხარე, შესაძლოა საზოგადოების მოთხოვნა იყოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებზე და იმდენად ძლიერი, რომ ქართული ოცნებისთვის უკეთესი იყოს დაჰყვეს ამ მოთხოვნას და შექმნას რიგგარეშე არჩევნების პირობას”, – აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.

მისივე თქმით, ადვილი შესაძლებელია 2018 წელს, რიგგარეშე არჩევნებზე უარის თქმით, მომავალ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ქართულმა ოცნებამ” უარესი შედეგი მიიღოს. “დიდია ალბათობა, რომ ორივე პარტიის რეიტინგი 2020 წლის არჩევნებამდე კიდევ უფრო შემცირდეს”, – აცხადებს ხმალაძე.

მსგავსი თემები