„სამარცხვინოები ხართ… ოპოზიცია, ძალა, რომელმაც ბიუჯეტს 48 მილიონი მოჰპარა“ – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დღეს ოპოზიციას წარმოადგენს ძალა, რომლის წევრმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თბილისის ბიუჯეტს 48 მლნ ლარი მოჰპარა.

„თქვენი მინისტრები თანამდებობებზე არაფრით მოდიოდნენ და მილიარდიანი ქონებით გადიოდნენ პოლიტიკიდან. ამ ფულს კი, ისეთი ტრაგედიის ხარჯზეც შოულობდნენ, როგორიც აგვისტოს ომი იყო. სამარცხვინოები ხართ. თქვენ იმ ადამიანსაც წარმოადგენთ, რომელმაც თბილისის ბიუჯეტს 48 მილიონი მოჰპარა. მაშინ, სხვა გადმოსახედიდან ვუყურებდი თბილისსო, ახლა კი ქუჩიდან ცდილობს დესტრუქციის შემოტანას და რევოლუციაზე ოცნებობს, რათა ისევ გაძარცვოს თბილისელები“ – აცხადებს კახა კალაძე.

მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი უტიფრად აცხადებს, რომ წამების მსხვერპლია.

„გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი სასამართლოთი დამტკიცებული ფაქტებია და არა პოლიტიკური განაცხადი. დღეს, მეგის ქარდავას და თემურ უბირიას თანაგუნდელები, ჩვენ გვეძახით მწამებლებს – აი, ის ხალხი, ვინც ამტკიცებთ, რომ თქვენს ბელად სააკაშვილს არცერთი დანაშაული არ ჩაუდენია თურმე და ციხეში ტყუილად ზის. ის სააკაშვილი, რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაზე ჩატარებულ გამოძიებას პიარს ეძახის და რომელიც უტიფრად აცხადებს, რომ არა ათასობით მის ციხეში ნაწამები ადამიანი, არამედ თვითონ არის წამების მსხვერპლი, საწყალი, რადგან საკანში ჯდომა არ შეუძლია და ეს თურმე მას თრგუნავს. აი, ასეთი უტიფარი, ურცხვი ძალის წარმომადგენლები ხართ თქვენ და როგორც ჩანს, ასეთებად დარჩებით ყოველთვის. აი, ეს ხალხი ითხოვთ ჩვენგან – ვიყოთ იდეალურები. მე ძალიან მარტივად გიპასუხებთ: დიახ, ჩვენ იდეალურები შეიძლება არ ვართ, მაგრამ ოპტიმალურები ვართ ამ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ კონტექსტში. სანამ არსებობს თქვენი მსგავსი დესტრუქციული პოლიტიკური ძალა, სამწუხაროდ, იდეალური არაფერი იქნება ამ ქვეყნის პოლიტიკაში“, – მიმართა კახა კალაძემ პოლიტიკურ ოპონენტებს.

მსგავსი თემები