„გუნდი, ვინც მოსახლეობა 9 წელი ვირტუალურ საქართველოში აცხოვრა“ – კახა კალაძე

 „გუშინ მე, როგორც ქალაქ თბილისის არჩეულმა მერმა, მივმართე თბილისის საკრებულოს დეპუტატებს და ვთხოვე, გავერთიანდეთ ჩვენი ქალაქის, აქ მცხოვრები ნებისმიერი წარმომავლობის, აღმსარებლობის თუ პოლიტიკური შეხედულების თითოეული ადამიანის ინტერესების დასაცავად და იმისთვის, რისთვისაც თბილისელებმა გამოგვიცხადეს ნდობა, თუმცა, მათი მხრიდან მივიღეთ დესტრუქცია, შეურაცხყოფა, ცილისწამება და მცდელობები, რომ საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში“ – აცხადებს კახა კალაძე.

თილისის მერის განცხადებით, დესტრუქციისა და ცილისწამების შესაძლებლობა ოპოზიციას არასდროს მიეცემს და არც შერჩება.  მისი შეფასებით, ისინი იმ გუნდის წარმომადგენლები არიან, ვინც ცხრა წლის განმავლობაში, მთელი ქვეყანა ტერორში აცხოვრა და შექმნა ვირტუალური საქართველო.

„ცხადია, ამის შესაძლებლობას მათ არასდროს მივცემთ. მათ სიცრუეს ყოველთვის მოჰყვება კონკრეტული პასუხები არგუმენტაციითა და ფაქტებით. ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება ყველა ოპოზიციონერს. იყვნენ ადამიანები, რომელთაც ჰქონდათ კრიტიკული კითხვები, თუმცა, ჩარჩოებში და შეურაცხყოფის მიყენების გარეშე. დღეს, მას შემდეგ, რაც საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა, სრულიად სხვა განწყობის გამოხატვა, სრულიად სხვა ტექსტის თქმა მსურდა და ვაპირებდი, მაგრამ სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდი ნაწილის მხრიდან, დავინახე იგივე განწყობა – სიცრუე და დესტრუქციის მცდელობა, რასაც გასული ოთხი წლის განმავლობაში ვხედავდი. ალბათ ეს მოსალოდნელიც იყო. მაინც გეტყვით ჩემს დამოკიდებულებას, ოღონდ ცოტა სხვაგვარად: მიუხედავად იმისა, რომ მე გულწრფელი სურვილი მქონდა და მაქვს, ამ ქალაქის განვითარებაში იყოთ ჩართული და დიახ, თქვენ ამ საზოგადოების რადიკალურ, თუმცა, მაინც განუყოფელ ნაწილს წარმოადგენთ, სამწუხაროდ, ვხედავ, რომ თქვენ კვლავ დესტრუქციის, კვლავ ცილისწამების გზას ირჩევთ. თქვენ ხართ ის ხალხი, იმ გუნდის წარმომადგენლები, ვინც ცხრა წლის განმავლობაში, მთელი ქვეყანა ტერორში აცხოვრა და შექმნა ვირტუალური საქართველო, თითქოს, ქვეყანაში ყველაფერი დალაგებული, კარგად იყო და თურმე, არავინ იცოდა, რა ხდებოდა ციხეებში, რა ხდებოდა ბიზნესთან დაკავშირებით, ქონების ჩამორთმევით, ადამიანების მკვლელობებით, გაუბედურებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები