ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასეს

სამედიცინო კონსილიუმის წევრები გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასეს.  როგორც ერთ-ერთმა ექიმმა, ნინო შარაშენიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია.    

„მდგომარეობა დინამიკაში ნამდვილად გაუმჯობესებულია.  უტარდება  ადეკვატური თერაპია, ძალიან მომზადებული და კარგი გუნდის მიერ. ვნახეთ ლაბორატორიული კვლევის შედეგები, შევაფასეთ პაციენტის თერაპიული სტატუსი, დავუსახეთ ლაბორატორიული კვლევების შემდგომი სქემა, შევიმუშავეთ მკურნალობის ტაქტიკა, მედიკამენტები. ამ პროცესში ჩართული იყო არამხოლოდ ჩვენი კონსილიუმის გუნდი, არამედ აქაური არაჩვეულებრივი ექიმების გუნდი. პარალელურად რესპუბლიკური საავადმყოფოდანაც იყო ექიმი, ნუტრიციოლოგი, გასტროენტეროლოგი ინგა გვარმიანი“ – განაცხადა კონსილიუმის წევრმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს აწუხებს გარკვეული ჩივილი, რაც მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბუნებრივია.   

„აქვს გარკვეული ჩივილები, რაც აბსოლუტურად ადეკვატურია. ამ დროისთვის აქვს თავის ტკივილი და რაღაც გარკვეული პრობლემები, რომელიც ნელ-ნელა, იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად კორეგირდება. საკვებს იღებს სქემის მიხედვით, იმიტომ,რომ მოგეხსენებათ, კვებაში უკან დაბრუნება გაცილებით უფრო რთულია და საჭიროებს ძალიან მნიშვნელოვან მონიტორინგს. სწორედ ამიტომ დეტალურად დაიწერა კვების რეჟიმი, რომელსაც ზედმიწევნით შეასრულებენ“, – განაცხადა ნინო შარაშენიძემ მედიასთან.

მსგავსი თემები