თბილისის ისნის რაიონში, 80-მდე თანადაფინანსებული პროექტი განხორციელდება

თბილისის ისნის რაიონის გამგეობა სხვადასხვა მისამართზე 26 პროექტს ახორციელებს. სამუშაოები თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში მიმდინარეობს და წლის ბოლომდე 80-მდე პროექტის განხორციელება იგეგმება.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, ​ბრტყელი სახურავის რეაბილიტაცია ტარდება ვაზისუბნის დასახლების N20 კორპუსში, ვარკეთილის IV მიკრორაიონის III კვარტლის N11ა  და N2 კორპუსებში,  ხოლო ქანობიანი სახურავი ლუსინიანის ქუჩის N20-ში იცვლება; ახალი წყალსაწრეტი მილები ეწყობა ვაზისუბნის დასახლების N20 კორპუსსა და ქეთევან წამებულის გამზირის N82-ში.

მათივე ინფორმაციით, 10 მისამართზე რეაბილიტაცია უტარდება წყლისა და წყალარინების ქსელს, მათ შორის: ონაშვილის ქუჩის N10 -ში მდებარე მრავალბინიან სახლს, გურჯაანის ქუჩის N1, ვაზისუბნის დასახლების II მიკრორაიონის კორპუსი N11, ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის კორპუსი N14, ვარკეთილის IV მიკრორაიონის III კვარტლის კორპუსი N11ა, ყვარლის ქუჩა N109, სამგორის დასახლება კორპუსი N30, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N37, N53, და N153-ა.

ასევე, სადარბაზოების რემონტი მიმდინარეობს ირბახის ქუჩის N15-ში, ქეთევან წამებულის გამზირის N82-ში, ვაზისუბნის II მიკრორაიონის N2 -სა და N12  კორპუსებში; სენსორული განათების სისტემა მონტაჟდება მოსკოვის გამზირის N19ა კორპუსში; სართულშუა ნაპრალების ამოვსება წულუკიძის ქუჩა N18 კორპუსში ხორციელდება; თანამედროვე ტიპის ლიფტები მონტაჟდება წულუკიძის ქუჩა N23- ბ კორპუსში, ვაზისუბნის დასახლების N21 და N22 კორპუსებში.

აღნიშნული პროექტები ნოემბრის ბოლომდე დასრულდება, რისთვისაც ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 575 573 ლარი გამოიყო.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და დაფინანსების პროგრამის ფარგლებში,  ისნის გამგეობამ 2018 წელს ცხრა თვის განმავლობაში, 42 პროექტი განახორციელა.

მსგავსი თემები