„წავართვათ ხელისუფლება და ვაგებინოთ პასუხი“ – მიხეილ სააკაშვილი გაბრაზებულია  

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი მორიგ გზავნილს ავრცელებს, რომელიც არჩევნების მეორე ტურს და გაყალბებულ შედეგებს ეხება.  

„მე ვარ ძალიან გაბრაზებული და შეურაცხყოფილი, ყველა თავმოყვარე ქართველი უნდა ვიყოთ გაბრაზებული და შეურაცხყოფილი. არჩევნები ცხვირწინ აგვწაპნეს ყველა დიდ ქალაქში, ეს არჩევნები ჩვენ მოვიგეთ და ბანდიტების ჯგუფმა, რომელმაც მიითვისა საქართველოს ხელისუფლება, ხელიდან გამოგვგლიჯა ეს გამარჯვება, გაგვძარცვა და წაგვართვა ჩვენი უმთავრესი უფლება, ვიყოთ ჩვენ ქვეყნის ბატონ-პატრონი“ – წერს პრეზიდენტი.

მისი შეფასებით, გამოსავალი ერთადერთია – ხელისუფლების წართმევა და  რიგგარეშე არჩევნები.

„რა უნდა ვქნათ?! მხოლოდ ერთი, ვაზღვევინოთ ის ფასი, რომელსაც ახდევინებენ თავმოყვარე ერები გამყალბებელ ხელისუფალთ –  წავართვათ ხელისუფლება და ვაგებინოთ პასუხი კანონის წინაშე. ასე მოიქცა ჩვენი მეზობელი სომხეთი, იქ ფაშინიანი ოთხი ივანიშვილის კალიბრის ოლიგარქს ებრძოდა, რომელთა უკან იდგა რუსეთი და გაუყალბეს მასაც არჩევნები, მაგრამ სომეხმა ხალხმა მაინც გაიმარჯვა, ბევრი და კიდევ უფრო მეტი გამოვიდა ქუჩებში, სანამ ბანდიტური ხელისუფლება არ გატყდა, არ წავიდა და არ დანიშნა რიგგარეშე არჩევნები. ზუსტად იგივე უნდა გაკეთდეს ჩვენთანაც. გამყალბებელი ბანდიტები უნდა წავიდნენ და დაინიშნოს რიგგარეშე ვადამდელი არჩევნები. იგივე უქნეს უკრაინელებმა იანუკოვიჩს, როცა ის ბოლომდე რუსებს მიემხრო, არადა იანუკოვიჩი მრავალგზის უფრო თავზეხელაღებული და მდიდარი იყო, ვიდრე ივანიშვილი.

ბოლოს და ბოლოს, ასეთი რევოლუციების იდეა შვა საქართველომ ჩვენი თაობის დროს და ნუთუ ჩვენ ვერ შევძლებთ იმას, რაშიც ადრე სხვები გვბაძავდნენ და გამოუვიდათ კიდეც. ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო, უნდა ვიმოქმედოთ ბევრგან და ბევრმა. უნდა მოვისმინოთ ლიდერების აზრიც და საკუთარ ხელშიც უნდა ავიღოთ ინიციატივა ადგილებზე. რა თქმა უნდა, პარალელურად უნდა ვასაჩივროთ ყველაფერი, ვინაიდან ასეთი კატასტროფული სადამკვირვებლო დასკვნები არ ყოფილა არც სომხეთში, არც ყირგიზეთში, არც ვარდების რევოლუციის დროს, მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს სრული ლეგიტიმაცია ქუჩის პროტესტის და ძალადობისადმი წინააღმდეგობის“, – ასეთია პატიმრობაში მყოფი  მესამე პრეზიდენტის მორიგი გზავნილი, რომელიც ციხიდან ნიკა გვარამიამ გამოიტანა.

მსგავსი თემები