“ხაზარაძის მიერ წარდგენილი “მუქარის წერილის” დედანი დაულუქავი იყო” – პროკურატურის განცხადება

საქართველოს გენერალური პროკურატურა საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ „მუქარის წერილის“ დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“მედიაცენტრი მთავარი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“2019 წლის 21 ოქტომბერს, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოადგინეს ბრიტანული კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული დაქტილოსკოპიური კვლევის ამსახველი დასკვნა, კომპაქტ-დისკი, ასევე, დაულუქავ, ღია კონვერტში მოთავსებული, მათი თქმით, „მუქარის წერილის დედანი“ და განცხადება, წარმოდგენილ მასალებზე შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული წერილი თვეების განმავლობაში,  სხვადასხვა ქვეყანაში, პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მასზე ეფექტური დაქტილოსკოპიური თუ სხვა სახის კვლევების ჩატარებას.
მიუხედავად ამისა, პროკურატურის მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით უკვე განხორციელდა წარმოდგენილი მასალების საპროცესო წესით დამაგრება და დალუქვა.  ამასთან, საქართველოს პროკურატურა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დეტალურად შეისწავლის განმცხადებლების მიერ წარმოდგენილ მასალებს და შესწავლის შედეგების შესახებ დამატებით მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მოძრაობა “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გუშინ, 21 ოქტომბერს ადვოკატებთან ერთად, პროკრატურაში, ე.წ მუქარის წერილი მიიტანა. მისივე თქმით, წერილი გიორგი გახარიასგან მიიღო, თუმცა არასდროს უთქვამს, ვინ დაწერ ის. 

მსგავსი თემები