„LGBT ჯგუფები უცხო ქვეყნებს ცრუ ინფორმაციას აწვდიან და შევიწროების მოტივით, დაფინანსებას იღებენ“

საქართველოს საპატრიარქო საქართველოში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და სხვა ინსტიტუციებს მიმართავს და სთხოვს, ნუ წაახალისებენ LGBT ჯგუფების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს.

როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, LGBT ჯგუფები უცხო ქვეყნებს არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს, ისინი საქართველოში იდევნებიან.

„სამწუხაროდ, LGBT გარკვეული ჯგუფები და მათი მხარდამჭერები უცხო ქვეყნებს ისე აწვდიან ინფორმაციას, თითქოს საქართველოში ისინი დიდად შევიწროებულნი და დევნილები არიან და ამ მოტივით სერიოზულ დაფინანსებას იღებენ. მათ სურთ თავისი აქტივობა ისე წარმოაჩინონ, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, სინამდვილეში კი ეწევიან თავისი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და პროპაგანდას და მისი ოფიციალურად დაკანონება აქვთ განზრახული“, – ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ LGBT ჯგუფები 18-24 ივნისს თბილისში კვირეულს მართავენ, რომელიც სხვადასხვა აქტივობას მოიცავს. სასულიერო პირების განცხადებით, მსგავსი ღონისძიება საქართველოსთვის მიუღებელია და ის არ უნდა ჩატარდეს.

მსგავსი თემები