“ვითხოვთ გადაცემული ხეობის უკან დაბრუნებას” – ვარლამ გოლეთიანი

  •  

„ენკას“ მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა ერთადერთი პუნქტი არ არის, ვითხოვთ გადაცემული ხეობის უკან დაბრუნებას, ასევე სამინისტროს მიერ გაცემული უკანონო ნებართვების გაუქმებას, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის წარმომადგენელმა, ვარლამ გოლეთიანმა „ენკას“ მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან კონტრაქტის შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ვიდრე ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, პროტესტის გაგრძელება მოუწევთ.

„ხელშეკრულების შეწყვეტა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი პუნქტია, თუმცა ერთადერთი არ არის. მოთხოვნებში ასევე გადაცემული ხეობის უკან დაბრუნების საკითხი დგას, ასევე უკანონო ნებართვების გაუქმება, რომელიც გაცემული აქვს სამინისტროს ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ისე, რომ მთელი რიგი კვლევები არ იყო და წინსწრებით გასცეს ეს დასკვნები. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ ასევე ამ ნებართვების გაუქმებასაც. ვიდრე ასე კომპლექსურად ყველა ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მოგვიწევს, ისევ გავაგრძელოთ აქ პროტესტი. თუმცა ის, რომ ეს ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება არის გაწყვეტის პროცესში სახელმწიფოსთან, ეს მნიშვნელოვანია და პროტესტის მონაპოვარია“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

კომპანია „ენკა რინიუებლზი“, რომელსაც „ნამახვანჰესი“ უნდა აეშენებინა, საქართველოსთან ხელშეკრულებას   წყვეტს ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

მსგავსი თემები