„ევაკუაცის გეგმა არსებობს და ყველა სცენარისთვის მზად ვართ“ – თბილისის მერია მეწყერსაშიშ ზონაზე

  •  

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანის  განცხადებით,  ვაშლიჯვრის ფერდობზე, სადაც მეწყრული პროცესები მიმდინარეობს,  ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს.

„თეორიულად რამდენიმე ფაქტორი ერთმანეთს თუ დაემთხვა, ეს შეიძლება იყოს მიწისძვრა, უხვი ნალექი, ამის საფრთხე იარსებებს, თუმცა, დღევანდელი მონაცემებით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არა მარტო ბროწეულის ქუჩის მცხოვრებლებს, არამედ, მიმდებარედ არცერთ ოჯახს და არცერთ ადამიანს საფრთხე არ ემუქრება. ამის მიუხედავად, არსებობს ევაკუაციის გეგმა და თუ ამის რეალური საჭიროება იქნება, მერწმუნეთ, რომ პირველ რიგში ჩვენ ვიზრუნებთ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ამ ეტაპისთვის საშიშროება არ არსებობს, თუმცა, თეორიულად შეიძლება რაიმე განვითარდეს და ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად ვართ“, – აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე თქმით, მიმდინარე სამუშაოების მიზანი დედაქალაქის წყალმომარაგების უწყვეტობის უზრუნველყოფაცაა.

„მაჭავარიანის ქუჩასა და მეწყრულ ფერდს შორის გადის GWP-ის საკუთრებაში არსებული მაგისტრალური წყალსადენები. ეს მილები ამარაგებს ქალაქის გარკვეულ ნაწილს, შესაბამისად, ის დაწყებული სამუშაოების ერთ-ერთი ამოცანა, რაც აქ მიმდინარეობს, არის ისიც, რომ არ შეექმნას ამ მილსადენებს პრობლემა, რათა ქალაქის წყალმომარაგებაც მაქსიმალურად დაცული იყოს“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

მსგავსი თემები