მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონაში მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდა

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანის  განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონაში მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდა. მისივე თქმით, მეწყრულ ზონაში, პარალელურად, ეწყობა დროებითი მისასვლელი გზები, ხოლო ფერდის ზედა ნაწილში ცემენტიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, უშუალოდ მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილებები არ შეინიშნება.

„ვიდეომონიტორინგით განხორციელებული დაკვირვების შედეგად, გვაქვს კარგი ინფორმაცია – უშუალოდ მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილებები არ შეინიშნება. რაც შეეხება მეწყრულ ზონას, ჩვენ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევამციროთ მეწყრის მასა. ასევე, პარალელურად მიმდინარეობს დროებითი მისასვლელი გზების მოწყობა.

უკვე დამონტაჟდა მონიტორინგის სისტემა, რომელიც მეტ საშუალებას მოგვცემს, უწყვეტ რეჟიმში განვახორციელოთ დაკვირვება.

ამ სამუშაოებთან ერთად, ზედა ნაწილში მიმდინარეობს ცემენტიზაცია. ამის მიზანია მოხდეს მეწყრის ზედაპირის გადაადგილების შემცირება.

ეს სამუშაოები პირობითად შეიძლება გაიყოს ორ ნაწილად. პირველის  მიზანი არის მეწყრის გადაადგილების შეჩერება, ხოლო მეორე ეტაპზე იქნება გენერალური გადაწყვეტები, რომ მოხდეს ამ ადგილის გამაგრება და ამ სამუშაოების შედეგად, მაჭავარიანის ქუჩაზე მოხსნილი იქნება ყველა სახის შეზღუდვა“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

თბილისის მერის მოადგილის თქმით, სამუშაოები დღემდე ხორციელდებოდა და მომავალშიც განხორციელდება სამუშაო ჯგუფში ჩართული ექსპერტების და გერმანელი სპეციალისტების კონსულტაციით და თანხმობით.

მისივე განცხადებით, ამჟამად ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს.

მსგავსი თემები