„ჯანმრთელი იყო, კლინიკაში მოვიდა, ნემსი გაუკეთეს და მოკლეს“ – გარდაცვლილი ექთნის ბიძა „მედიაცენტრ მთავარში“

ახალციხეში, ვაქცინაციის შემდგომი გართულებებით გარდაცვლილი ექთნის ოჯახი, პასუხისმგებელი და დამნაშავე პირის გამოკვეთას ითხოვს. როგორც ექთნის ბიძამ,  ტარიელ ბაქრაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, დამდგარ შედეგთან დაკავშირებით დამნაშავე პირი ან პირები არსებობენ და ყველაფერი რომ სწორად წარმართულიყო, ლეტალური შედეგი არ უნდა დამდგარიყო.

„მეგის ქუჩაში რომ დამართნოდა ეს ამბავი, სხვა რამეა, მაგრამ საავადმყოფოში ეს არ უნდა მომხდარიყო. ლეტალური შედეგი არ უნდა დამდგარიყო. ის უნდა გადაერჩინათ. იმდენი ექიმი იყო, იმდენი საშუალება. რა თქმა უნდა, ვიღაც იყო დამნაშავე, ეს შედეგი რომ დადგა. სწორად რომ ყოფილიყო წარმართული ყველაფერი, არ უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი“ – განაცხადა ოჯახის ახლობელმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე განცხადებით, ეს არის მკვლელობა.

„ცოცხალი იყო, კლინიკაში ჯანმრთელი მივიდა, ნემსი გაუკეთეს, ესე იგი, მოკლეს – ესაა ჩვენი პოზიცია. მედიცინის ენით ეს როგორ აიხსნება, არ გვაინტერესებს, ამას ვთვლით მკვლელობად. რომ არ გაეკეთებინა ეს ნემსი, არაფერი მოუვიდოდა. რადგან გაუკეთეს, ვთვლით, ეს მკვლელობაა. სავარაუდოდ, დაგვიანებით გაუკეთეს ადრენალინი ან საერთოდ არ გაუკეთეს. კატეგორიულად ამას ვერ ვიტყვით. ალერგიული ფონი რომ დაეწყო, რეანიმატოლოგი არ იყო ადგილზე. როგორც გვითხრა, გუბერნიაში იყო გასული. მე ვფიქრობ, გული რომ გაჩერდა, უმცროსმა ექიმმა სცადა მდგომარეობის გამოსწორება და რომ ვერ გამოასწორა, დარეკა რეანიმატოლოგთან. სავარაუდოდ, ამ ყველაფერში სადღაც რვა წუთი მაინც დაიკარგა“, – განაცხადა ტარიელ ბაქრაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციის შემდეგ, ექთანი კომაში ჩავარდა, ის, კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა, თუმცა, ვერ გადაარჩინეს.

მსგავსი თემები