აფხაზეთში დევნილების მიტოვებულ სახლებს რუსები ეპატრონებიან

  •  

„რუსეთის მთავარი სამიზნე, დევნილების მიერ დატოვებული სახლებია, რომელიც დევნილებისთვის დღემდე ვერ დაგვიკანონებია“ – ეს განცხადება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და იმ ე.წ. ხელშეკრულებაზე ისაუბრა, რომელიც აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმდა.

„რუსეთსა და აფხაზეთს შორის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გზით საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბება“ – ასე ჰქვია ე.წ. ხელშეკრულებას, რომელიც მოსკოვმა მარწუხებში მოქცეულ აფხაზეთს გაუფორმა.  

„დოკუმენტში რადენიმე პუნქტია, რომელიც ნიშნავს, რომ აფხაზეთი ფორმალურ დამოუკიდებლობასაც კარგავს. მეორე პუნქტი რუსეთსა და აფხაზეთს შორის ორმაგ მოქალაქეობას ეხება. კერძოდ, რუსეთის მოქალაქეები თავისუფლად გახდებიან აფხაზეთის მოქალაქეები. პროექტის  განხორციელების ვადა 2021 წელია.  როცა რუსეთის მოქალაქეს აფხაზეთის მოქალაქეობას ანიჭებ, მას ავტომატურად აქვს უფლება, დაეუფლოს უძრავ ქონებასაც. რუსები ხდებიან აფხაზეთის მოქალაქეები და ამის შემდეგ შეეძლებათ ყველა იმ პროცესში მიიღონ მონაწილეობა, რომელიც აფხაზეთში განხორციელდება. ისინი სრულუფლებიანი მოქალაქეები ხდებიან“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მან კიდევ რამდენიმე პუნქტზე გაამახვილა ყურადღება რომელიც დევნილების სახლებს ეხება.

„დოკუმენტში კიდევ არის კიდევ არის 2 ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც უძრავ ქონებას ეხება. კერძოდ, რუსეთის ელექტროქსელების კომპანიის მიერ აფხაზეთის ელექტროქსელების მოდერნიზაცია და ენერგეტიკული უსაფრთხოების შექმნა. ანუ, ეს გადადის რუსეთის ხელში. ჯერ არ ვიცით, ენგურჰესს რა მოელის, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზეა. ენგურჰესზეც დიდი ბრძოლა იქნება. მისი ხელში ჩაგდება დიდი ხანია რუსებს უნდათ. კიდევ ერთი პუნქტი ინვესტიციების განხორციელებს ეხება. რუსეთი აფხაზეთში, ბუნებრივია, ისეთ ინვესტიციას არ განახორციელებს, რომელიც მისთვის სასარგებლო არ ირის. იქ, სადაც რუსეთი ჩადებს კაპიტალს, ის რუსეთის ხელში გადადის“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მისივე თქმით, რუსეთის კიდევ ერთი სამიზნე დევნილთა სახლებია.

„რუსეთის ყველაზე მთავარი სამიზნე გახლავთ აფხაზეთში დევნილების მიერ დატოვებული სახლები. ეს სახლები ჩვენ დევნილებს დღემდე ვერ დავუკანონეთ. ამიტომ, ისინი მარტივად შეძლებენ, ხელში ჩაიგდონ და გადააფორმონ ის რუსებზე“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები