“მივედით იმ წერტილამდე, როცა ყველაფერი უნდა გასაჯაროვდეს” – დავით ბაქრაძე

“ევროპული საქართველოს” ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, დღეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდზე, ის მხარეების მოთხოვნილი საკითხების გასაჯაროვებას მოითხოვს. როგორც მან ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, ის, რაც პროცესს აზიანებს არის ცალკეული არასწორი ინტერპრეტაციები და იმ სიმართლის დამალვა, რაც ხდება შიგნით.

“საკითხი, რომელსაც ჩვენ დავაყენებთ დღევანდელ მოლაპარაკებებზე იქნება, რომ დასრულდეს ის გაურკვეველი რეჟიმი, როდესაც მხარეები ვითომ არ საუბრობენ შეთანხმების ან მოლაპარაკების შინაარსზე და ამ დროს ხდება ცალკეული ინფორმაციების სრულიად არასწორად გამოჟონვა. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი იყოს საჯარო და საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია რაზე მიდის საუბარი, რა წინადადებები განიხილება და რომელი პარტია რაზეა თანახმა. ის, რაც პროცესს აზიანებს, ეს არის ცალკეული არასწორი ინტერპრეტაციები და სიმართლის დამალვა იმის რაც ხდება შიგნით. ეს არის პოლიტიკური პროცესი, ეს არ არის დიპლომატიური მოლაპარაკება და სახელმწიფოთა შორის მოლაპრაკება. საზოგადოებას აქვს უფლება და ჩვენ პოლიტიკოსები ვალდებულები ვართ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რაზე მიდის საუბარი, ვინ რაზე თანხმდება, ვინ რას სთავაზობს, ვინაიდან ეს არის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი შეთანხმება. ამდენი ხანი ეს არ ხდებოდა ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების პოზიციის გათვალისწინებით,მაგრამ ვფიქრობ, მივედით იმ წერტილამდე, როცა ყველაფერი უნდა გასაჯაროვდეს, პირადად ჩემი პოზიციაა რომ დღეს ამ საკითხს დავაყენებთ”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მსგავსი თემები