„მათ უარი თქვეს ხმების გადათვლაზე“ – კახა კალაძე მმართველი გუნდის შეთავაზებაზე    

კახა კალაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას იმ უბნების გახსნა და ხმების გადათვლა შესთავაზა, სადაც მათ გარკვეული ეჭვები ჰქონდათ, თუმცა, ამ შეთავაზებაზე უარი მიიღეს.

„დიალოგზე შეთანხმებული წესების მიხედვით, მოლაპარაკების საკითხები, საჯაროდ, ამ ეტაპზე არ უნდა გახმოვანებულიყო. ამის მიუხედავად, ოპოზიციის წარმომადგენლები საჯაროდ საუბრობენ, რომ ისინი არ თანხმდებიან ხმების გადათვლაზე. ამიტომ, ინფორმაცია ცალმხრივი რომ არ იყოს, ჩვენც ვადასტურებთ, რომ მათ უარი განაცხადეს და უარი თქვეს შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე – ბიულეტენების გადათვლაზე და ვიდეოჩანაწერების ნახვაზე, რომელიც გამორიცხავდა სპეკულაციებს ე.წ. კარუსელებზე. როგორც ჩანს, მათი ინტერესი არ არის გაირკვეს სიმართლე და ურჩევნიათ მათივე მოდელირებული, გამოგონილი გაყალბებული არჩევნებით ივაჭრონ. მიუხედავად ამისა, ვიტოვებთ იმედს, რომ მათი რადიკალური და უსაფუძვლო პოზიცია შეიცვლება და დიალოგი კონკრეტული, ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგით დასრულდება”, – განაცხადა კალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ხელახალი არჩევნების საკითხი დღის წესრიგში არც დგას და არც დადგება.

მსგავსი თემები