“სტუდენტები ექიმს არ ანაცვლებენ, ისინი მათ კოვიდსიტუაციის მართვაში დაეხმარებიან” – მიხეილ ჩხენკელი

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სამედიცინო უნივერსიტეტის უფროსკურსელები ექიმებს დაეხმარებიან კოვიდსიტუაციის მმართვის მიმართულებით.

როგორც ჩხენკელმა განაცხადა, სტუდენტები სპეციალურ კურსს გაივლიან. 

“მე შევხვდი სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებს, ასევე ფაკულტეტების დეკანებს და დაიწყო პროცესი უფროსკურსელებისთვის სწრაფი, სპეციალური კურსის გავლის, რომ მათ ჰქონდეთ მზაობა, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს ექიმებს დაეხმარონ კოვიდსიტუაციის მართვის მიმართულებით. შესაბამისად, მომავალ ორშაბათს უკვე ერთგვარი სამედიცინო რეზერვი, ანუ უფროსკურსელთა ბაზა, რომელთაც გაიარეს ეს ტრენინგი, უკვე მზად იქნება. 

სწრაფი კურსია, მიმართულებების იდენტიფიკაცია მოხდება იმის მიხედვით, თუ რა საჭიროება მოხდება კონკრეტულ სიტუაციაში, მაგრამ აქ შედის ქოლცენტრში თანამშრომლობა, ასევე კოვიდსასატუმროში, ან საკარანტინო სივრცეში, მაგრამ ცხადია, უფროსკურსელი სტუდენტები ექიმს არ ანაცვლებენ, უბრალოდ ეხმარებიან და ასისტირებას გაუწევენ ჩვენს ექიმებს,” – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. 

მსგავსი თემები