“მინსკის რეისთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციების შექმნა დიდი სირცხვილია” – თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მინსკში განხორციელებულ ფრენასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი მისთვის გაუგებარია.

წულუკიანის თქმით, აღნიშნული რეისით ბელარუსში ელჩი ჩაფრინდა და ყალბი ინფორმაციების შექმნა დიდი სირცხვილია.

„არ მესმის, რას უკავშირდება მინსკში განხორციელებულ რეისთან დაკავშირებით ეს აჟიოტაჟი. ელჩი, მინისტრი და ჩვენც ადამიანები ვართ. ელჩი იმყოფებოდა თავის სამშობლოში, თბილისში და როდესაც დასჭირდა სახელმწიფოს, იმიტომ რომ ვერც ერთი ელჩი და საქართველოს მოქალაქე წინასწარ ვერ ივარაუდებდა, რომ მინისკში იქნებოდა ის მოვლენები, რომელიც მიმდინარეობს. სახელმწიფომ დროული გადაწყვეტილება მიიღო და სამთავრობო რესურსით ელჩი გაუშვა იქ, სადაც სახელმწიფოს შეიძლება, ახლა დასჭირდეს წარმომადგენელი.

ვფიქრობ, ამ ნორმალური სიტუაციიდან არანორმალურობის განცდის შექმნა არის მორიგი ყალბი ინფორმაციის შექმნის მცდელობა, რადგან იმავე ინფორმაციაში ითქვა, რომ ამ რეისმა მინსკიდან კრიმინალი ჩამოიყვანა საქართველოში. ამგვარი ყალბი ინფორმაციების შექმნა არის ძალიან დიდი სირცხვილი იმიტომ, რომ საზოგადოება ხვდება, ესა თუ ის არხი ავრცელებს ყალბ ინფორმაციას“, – განაცხადა წულუკიანმა.

მსგავსი თემები