,,დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ამ ტრაგედიას, პოლიტიკურ ჭრილში ნუ გადავიყვანთ“- გიორგი ტყემალაძე

კოლეგების მხრიდან იყო თხოვნა, რომ რიგგარეშე სხდომა ჩატარებულიყო და ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მერის ანგარიში მოგვესმინა. გამომდინარე იქიდან, რომ გამოძიება აქტიურ ფაზაშია და ამ ტრაგედიის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა სწორად არ მიგვაჩნია, ჩვენ არ ჩავთვალეთ საჭიროდ და მიზანშეწონილად, რომ ახლა რიგგარეშე სხდომა ჩაგვეტარებინა, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად გაეცეს პასუხი ყველა იმ კითხვას, რაც ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით არსებობს.

დეპუტატებმა მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

“ჩვენ ყველამ ვიცით, რომ აქტიურ ფაზაშია გამოძიება. თითოეული ჩვენგანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად გაეცეს პასუხი ყველა იმ კითხვას, რაც ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით არსებობს. თუ ვინმესთვის ეს არის მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, მათ შორის ვართ თითოეული ჩვენგანი და, რა თქმა უნდა, მათ შორის, არის თბილისის მერი. დღეს ეს ტრაგედია გახდა პოლიტიკური დაპირისპირებების, პოლიტიკური განცხადებების საგანი. ჩვენ ვნახეთ ბევრი შეურაცხმყოფელი განცხადებები. ამ ფონზე ჩვენ ასევე ჩვენი კოლეგების მხრიდან შემოგვივიდა თხოვნა, რომ ჩატარებულიყო რიგგარეშე სხდომა და მოგვესმინა მერის რიგგარეშე ანგარიში ამ საკითხთან დაკავშირებით. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს აქტიურ ფაზაში არის გამოძიება, გამომდინარე იქიდან, რომ არ მიგვაჩნია სწორედ ამ ძალიან სენსიტიური საკითხის, ამ ტრაგედიის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა, ჩვენ არ ჩავთვალეთ საჭიროდ და მიზანშეწონილად, რომ ამ პერიოდში ჩაგვეტარებინა სხდომა. ასევე მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ საკრებულოს სხდომა გვექნება, სადაც მერი წლიური ანგარიშით წარდგება და აბსოლუტურად ყველას გექნებათ შესაძლებლობა, რომ დასვათ კითხვები და ყველა კითხვაზე გექნებათ პასუხები. სამწუხაროა, რომ გარკვეული ჩვენი ლიდერების მხრიდან იყო არასწორი შეფასებები, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ყველანი მძიმე ემოციური ფონის ქვეშ ვიმყოფებით,”- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მსგავსი თემები