„მე ვიცავ თავისუფლებას“ – 7 ნოემბერთან დაკავშირებული აქცია თბილისში

7 ნოემბერთან დაკავშირებული აქცია რუსთაველის გამზირზე გრძელდება ღონისძიება „მე ვიცავ თავისუფლებას“, რომელიც რუსთაველის თეატრში უნდა გამართულიყო, ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე გრძელდება. რუსთაველის თეატრში შეკრებილები პროტესტს რუსთაველის გამზირზე განაგრძობენ.

სიტყვით გამომსვლელები რუსთაველის თეატრის წინ დამონტაჟებული სცენიდან მიმართავენ შეკრებილებს.

დამონტაჟებულია დიდი მონიტორიც, საიდანაც აქციის მონაწილეები ორგანიზატორებისგან სამომავლო გეგმებს ისმენენ. რუსთაველზე შეკრებილი მოსახლეობა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდისა და 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს აპროტესტებს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, ყოფილი ხელისუფლება ხალხის მოტყუებას ისევ ცდილობს. შესაბამისად, ის მოსახლეობას მოუწოდებს, არ ენდონ „ნაციონალურ მოძრაობას“.

„თურმე, უნდა დავივიწყოთ 9 წელი და არ უნდა ვილაპარაკოთ, თუმცა რა ვუყოთ სულიერად დასახიჩრებულ და გაუბედურებულ ოჯახებს? 300 000 პრობაციონერი იყო საქართველოში. იმ ბავშვებს რა ვუყოთ, რომელთა მამებიც ფსიქოლოგიურად და ფსიქიკურად გატეხეს ციხეებში?! დავივიწყოთ ყველაფერი, რასაც სჩადიოდნენ? შეგიძლიათ რომელიმე ქვეყანა ან ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ქვეყანას ისეთ რამეს დამართებს, რაც ამათ დაგვმართეს? არის ასეთი ცნება – სტოკჰოლმის სინდრომი. ეს არის მდგომარეობა, როდესაც მსხვერპლს ტრფობა აქვს საკუთარი მოძალადისადმი. მე მეგონა, რომ ეს არის ფსიქოლოგიური მოვლენა, არჩევნებზე კი მივხვდი, რომ ეს არის ვირუსი, რომელიც ამ ქვეყანას შეეყარა. 600 000-მა მსხვერპლმა მოძალადეს მისცა ხმა, მოძალადეს ტრფობა გამოუცხადა, რაც ყოვლად დაუშვებელია“ – მიმართა ხაინდრავამ აქციის მონაწილეებს.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოსახლეობას პარლამენტის ყოფილმა წევრმა, კობა დავითაშვილმაც მიმართა. მან ყოფილი ხელისუფლება ჯალათებად მოიხსენია და ყველას მოუწოდა, ჯალათების გვერდით არ დადგნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ჯალათები ხელისუფლების სამსახურში დგანან და აგრძელებენ ჯალათობას. პირადად მე თქვენთან ერთად არ დავუშვებ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მობრუნებას. „ნაციონალური მოძრაობის“ ჯალათები ხელისუფლების სამსახურში დგანან და დაწინაურებულებიც კი არიან და აგრძელებენ ჯალათობას. ამის ნათელი მაგალითია მირზა სუბელიანი, რომელიც იყო პროკურორი 26 მაისის საქმეზე და იმას კი არ იძიებდა, როგორ გაუსწორდნენ ხალხს, არამედ პოლიტპატიმრებზე ფიზიკურ ზეწოლას ახორციელებდა, რომ მათგან ჩვენებები გამოეძალა. ეს ადამიანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დააწინაურა, შემდეგ კი მან გააკეთა ის, რასაც მუდმივად აკეთებდა – როდესაც ოჯახისთვის და შვილისთვის დასჭირდა, ხელი დააფარა, გამოიყენა სამსახურეობრივი მდგომარეობა და აღმოვჩნდით უცნაურ მდგომარეობაში – საკუთარი პროკურორის დანაშაულებრივი საქმიანობის გამო „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ხელისუფლების გადადგომას ითხოვს“ – აღნიშნა დავითაშვილმა აქციაზე.

რუსთაველის გამზირი ამ წუთებში გადაკეტილია და საპროტესტო გამოსვლა გრძლდება.

მსგავსი თემები