ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც არეულობას გვპირდება – კახა კალაძე ვაშაძეზე

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის მიერ “დოიჩე ველესთვის” მიცემული ინტერვიუს აფასებს, როგორც ჩვენების მიცემას იმასთან დაკავშირებით, რომ პარტია “ნაციონალური მოძრაობა” ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის ემზადება.

როგორც კახა კალაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ვაშაძის სახით ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც ამომრჩეველს არა ქვეყნის განვითარებასა და საკუთარი კონსტიტუციური მოვალეობის პირნათლად შესრულებაზე, არამედ ასი ათასი კაცის გამოყვანას და ქვეყანაში არეულობის დაწყებას ჰპირდება.

​მისივე შეფასებით, “დოიჩე ველესთან” ინტერვიუთი გრიგოლ ვაშაძემ დაასრულა “ნაციონალური მოძრაობის” ერთკვირიანი მასკარადი მათ, თითქოსდა კონსტრუქციულ გეგმებზე.

“მან პრაქტიკულად ჩვენება მისცა „დოიჩე ველეს“ და კვლავ ღიად დააანონსა, ძალადობრივი რეჟიმის არქიტექტორების და უშუალო მწამებლების უპირობო შეწყალება. ყველასთვის ნათელია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ერთადერთი მიზანი, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა და ქართველ ხალხზე შურისძიებაა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშაძემ საკუთარ ინტერვიუში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მმართველი პარტიის გენერალური მდივანი დარწმუნებულია, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ გასცემს საკადრის პასუხს 7 ნოემბრის შემოქმედებს.

“სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ქართველ ხალხთან ერთად არის და იქნება იმის გარანტი, რომ საქართველოში აღარასდროს განხორციელდება “ნაციონალური მოძრაობის” რევანშისტული, რევოლუციური ზრახვები და არავის მივცემთ კანონის ჩარჩოებიდან გასვლის უფლებას. ამის პირობას ვაძლევთ თითოეულ მოქალაქეს”, – აცხადებს კალაძე.

მსგავსი თემები