“საქართველო არის ოკუპირებული და ჩვენ ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაციისთვის” – გიორგი გახარია

მთავრობის მიერ გამართულ სხდომაზე პრემიერმა გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის დეოკუპაციაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ქვეყნის ოკუპაცია იყოს სტრატეგიული პარტნიორების დედაქალაქებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში ყოველთვის, ყველაზე აქტუალური საკითხი.

“გუშინ გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე, კიდევ ერთხელ მკაფიოდ იქნა დაფიქსირებული მხარდაჭერა, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის დეოკუპაციის აუცილებლობის. მინდა, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და ევროპელ პარტნიორებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ბელგიას, ესტონეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ირლანდიას და ნორვეგიას მადლობა გადავუხადო, უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე მკაფიოდ დაფიქსირებული პოზიციისთვის, რომ საქართველო არის ოკუპირებული და ჩვენ ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაციისთვის.

გარდა ამისა, მინდა კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს აქტიურ მუშაობას, რათა ქვეყნის ოკუპაცია იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დედაქალაქებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში იყოს ყოველთვის, ყველაზე აქტუალური საკითხი, მუდმივად აქტუალური საკითხი, ვიდრე არ მოხდება საბოლოო ჯამში ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაცია,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაეროს განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ რუსეთის ქმედებები ახანგრძლივებს კონფლიქტს, საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას, ხელს უშლის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრულფასოვან გამოყენებას, ასევე უარყოფითად მოქმედებს საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. განცხადებაში საუბარია ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის წარმოებაზეც.

მსგავსი თემები