“დაახლოებით 60 მილიონი ლარი „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ფარგლებში მიიმართება ტურისტული სექტორის დასახმარებლად” – ნათია თურნავა

  •  

„200 მილიონი ლარის საერთო ღირებულების პაკეტი – ეს არის მესამე ეტაპის ანტიკრიზისული ღონისძიებები. პირველივე დღიდან, პრაქტიკულად მარტის თვიდან ვეხმარებით ტურისტულ ინდუსტრიას, მაგრამ ახლა ყველაზე კრიტიკული და გადამწყვეტი ეტაპია, რადგან ჩვენი ამოცანა მესამე ეტაპის დროს 200 მილიონის ფარგლებში არის არა მარტო ის, გადავალახინოთ ტურიზმს რთული პერიოდი, არამედ მოვამზადოთ გახსნისთვის. გახსნის თარიღები არის ძალიან ახლოს. ეს არის ამბიციური, მაგრამ სრულიად მისაღწევი გეგმა“, – განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავამ განმარტა, რისგან შედგება ფინანსური პაკეტი და ბიუჯეტი, რომელიც ტურიზმთან მიმართებაში მესამე ეტაპის ანტიკრიზისულ ღონისძიებებს ითვალისწინებს.

„პირველ რიგში ყველაზე წონადი არის საგადასახადო შეღავათები, ჯამში დაახლოებით 135 მილიონი. ეს არის საგადასახადო შეღავათები, რომელსაც გავუწევთ ინდუსტრიას და ამ სფეროში მოქმედ კომერციულ სუბიექტებს. ესენია 2020 წლის ქონების გადასახადისგან სრული გათავისუფლება, ასევე საშემოსავლო გადასახადის წლის ბოლომდე გადავადება. ეს ორი საგადასახადო შეღავათი არის ყველაზე წონადი დასახელებულ 200 მილიონ ლარში, რომელზეც უარს ვამბობთ ტურიზმის ინდუსტრიის სასარგებლოდ. დავტოვებთ ამ ფულს კომპანიებში, რათა შეძლონ ხელფასების, დავალიანებების გადახდა და მოემზადონ უსაფრთხოდ, რომ ამოქმედდნენ სულ რაღაც ერთ თვეში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, დაახლოებით 60 მილიონი ლარი „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ფარგლებში მიიმართება ტურისტული სექტორის დასახმარებლად.

„საბიუჯეტო ცვლილებებით ეს თანხა ამ პროგრამისთვის დამტკიცდება. თანხა მოხმარდება 20 მილიონ ლარამდე ბრუნვის მქონე სასტუმროებს და ასეთი არის სასტუმროების უმრავლესობა. თანხა მიიმართება სესხის პროცენტის, 80 პროცენტის სუბსიდირებაზე, რაც ყველაზე მეტად აწუხებთ ამ ობიექტებს; პლიუს 5 მილიონი, რაც ასევე შეღავათებისა და დახმარებების პაკეტს შეიცავს ტურისტული კომპანიებისთვის, გიდებისთვის, ტუროპერატორებისთვის. აღნიშნული თანხა მოდის ბიუჯეტიდან, ეს არის მილიარდ-ნახევრიანი დახმარების პაკეტის ნაწილიც, რადგან ჩვენი დონორები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები გვერდით გვიდგანან, მათ შორის დაზარალებული ბიზნესების, მცირე ბიზნესების დახმარების საკითხში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი თემები