„ფოთის ცხელების ცენტრში 9 თვის ჩვილი იმყოფება“ – პაციენტების მდგომარეობა რეგიონებში.

  •  

სამტრედიის „ცხელების ცენტრს“ ბოლო 24 საათის განმავლობაში ოთხმა პაციენტმა მიმართა.

მათი ანალიზების პასუხები უკვე ცნობილია და ყველა პასუხი უარყოფითია. შესაბამისად, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კლინიკის დირექტორის ირაკლი ლაღიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში საეჭვო შემთხვევები არ ჰყავთ. ექიმების ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას შემდეგ, რაც მკურნალობის კურსს დაასრულებენ, ისინი ბინაზე გაეწერებიან.

ბათუმში დღეს ახალ კორონავირუსზე 180 მოქალაქის ტესტის პასუხს ელოდებიან. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კვლევების შედეგები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

უწყების სტატისტიკის მიხედვით, აჭარაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 14 მარტს დაფიქსირდა და დღემდე დადასტურებულია სულ 71 შემთხვევა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 33 და გარდაიცვალა ერთი ინფიცირებული.

ამ დროისთვის რეგიონში კარანტინის სივრცეში რჩება 1 462 მოქალაქე. ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან იზოლაციის ვადა ამოეწურათ სოფლების –  ლეღვას, გვარას, მუხაესტატეს მცხოვრებლებს. ქალაქ ქობულეთის ტერიტორიაზე კი, იზოლაციაში რჩება 16 ადამიანი.

ლუგარის ლაბორატორიაში კახეთიდან გუშინ გაგზავნილი 270 ნიმუშის პასუხი სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი,- განაცხადა დაავადების ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა. მისი ინფორმაციით, ელოდებიან სამედიცინო პერსონალის 51 წარმომადგენლის, კარანტინში მყოფი 64 პირის და ასევე ცხელების ცენტრებიდან და ინფიცირებულთან კავშირში მყოფი 155 მოქალაქის ტესტის პასუხებს.

როგორც ხიზანიშვილმა აღნიშნა, გაგზავნილ ნიმუშებს შორის არის, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში თვითიზოლაციაში მყოფი ოთხი მოქალაქის და ყვარელში ინფიცირებულ ქალთან კავშირში მყოფი პირების ნიმუშებიც.

მისივე ინფორმაციით, რეგიონში 10 საკარანტინო სივრცეში 459 მოქალაქე იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციაში – 35.

ხიზანიშვილის განმარტებით, კახეთში, მიზნობრივი ტერიტორიის ფარგლებში, მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს, მათ შორის – ფარმაცევტების, შშმ პირების, მოხუცებულთა თავშესაფრის ბენეფიციარების, მათი მომვლელებისა და საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების, ასევე ცხელების ცენტრებიდან და საკარანტინო სივრცეებიდან შეყვანილი პირების.

ამ დრომდე კახეთში კორონავირუსით დაინფიცირების ლაბორატორიულად მხოლოდ ერთი შემთხვევაა დადასტურებული.

ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ „ცხელების ცენტრში“ საეჭვო სიმპტომების მქონე ცხრა პაციენტი იმყოფება.

ისინი ბიქსირებულ პალატებში არიან მოთავსებულნი. ყველა მათგანს ცხელება და რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება.

პაციენტთაგან ექვსი პირის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გაგზავნილია.

„ახლა მიმდინარეობს სამი პაციენტის დატესტვის პროცესი. ექვსი მათგანის ბიოლოგიური მასალა უკვე გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. ამჟამად ფოთის „ცხელების კლინიკაში“ იმყოფებიან 75 და 60 წლის მამაკაცები ლანჩხუთიდან, 43 წლის კაცი ოზურგეთიდან, 35, 45, 57 წლის მამაკაცები და ცხრა თვის გოგონა ფოთიდან. საღამოს კიდევ დაგვემატა 87 წლის კაცი ლანჩხუთიდან, ჩვენს კლინიკაში იმყოფება წლის და 11 თვის ბიჭუნაც ფოთიდან“, – განაცხადა ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

მსგავსი თემები