“9 პაციენტდან, 7 ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მათ შორის სამის მდგომარეობა არის კრიტიკული” – ლევან რატიანი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული 9 პაციენტიდან 7 ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა. როგორც რატიანმა კლინიკასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მათი მდგომარეობა თანმხლები პათოლოგიების გამო დამძიმდა.

„რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 9 პაციენტი, აქედან 7 ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მათ შორის სამის მდგომარეობა არის კრიტიკული. აღნიშნულ პაციენტებთან დამძიმება გამოწვეულია თანმხლები სომატური პათოლოგიებით. მიმდინარეობს სიმპტომური მკურნალობა და ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ. დანარჩენი პაციენტებიდან 53-ს აქვს დადასტურებული კოვიდ ინფიცირებლის შემთხვევით განპირობებული მწვავე პნევმონია. ამ პაციენტებთანაც მიმდინარეობს სიმპტომური მკურნალობა. გვყავს ასევე სამი მოზარდი. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, ველოდებით პერიოდის გასვლას, რომელიც მოწოდებულია ჯანმოს მიხედვით, გადამოწმდება, გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში ტესტები და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ“, – განაცხადა რატიანმა.

მისივე ინფორმაციით რამდენიმე პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა დადასტურებული, გაეწერება კლინიკიდან.

„ვიდრე სრულად არ მოხდება ყველა პაციენტის გამოჯანმრთელება პროტოკოლის დაცვით, მანამდე კლინიკას არცერთი პაციენტი არ დატოვებს. ამ 15 პაციენტს არ უტარდება არანაირი მკურნალობა, რადგან ისინი კლინიკურად გამოჯანმრთელებულები არიან, ჩატარებული კვლევებით არავისთან არ დასტურდება არანაირი პათოლოგია. უბრალოდ რამდენიმე პაციენტის PCR ტესტმა, რომელიც მიჩნეულია ოქროს სტანდარტად, აჩვენა სუსტად დადებითი, გადამოწმდება რამდენიმე დღეში და იმედია, ისინი დატოვებენ კლინიკას“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მსგავსი თემები