ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 45 პაციენტიდან ორის მდგომარეობა მძიმეა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 45 პაციენტი მკურნალობს.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საეჭვო სიმპტომების მქონე კიდევ ერთ პაციენტს ტესტს დღეს ჩაუტარებენ.

„46 პაციენტი გვიწევს. აქედან 45 არის დადასტურებული. ერთი არის შესაძლო, ანუ საეჭვო შემთხვევა, რომლის ტესტირებაც მოხდება. ეს არის საეჭვო შემთხვევა არაკონტაქტირებიდან. პაციენტი დღეს დილით შემოვიდა ჩვენს კლინიკაში. ეს არის თვითდინებით ბინიდან მოსული. ეს არ არის არც ერთ წყაროსთან კონტაქტი“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ორის მდგომარეობა კვლავ მძიმე, თუმცა სტაბილურია.

„ამ 45-დან ორი კრიტიკულთან მიახლოებულო პაციენტია, რომელთა მდგომარეობა დასტაბილიზირებულია. 14 მძიმე პნევმონიით პაციენტი გვყავს. ისინი ამ ეტაპზე მართვას ექვემდებარებიან. შვიდი ბავშვი გვყავს, რომელთა დაავადება არ პროგრესირებს და მათი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია“ , – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება იმ პაციენტებს, რომლებთან დაკავშირებითაც უკვე არსებობს გამოჯანმრთელების მოლოდინი, ეზუგბაია აცხადებს, რომ ასეთ ოთხ-ხუთ პაციენტს დღეს პირველადი ტესტი ჩაუტარდება.

„გამოჯანმრთელებაზე დაახლოებით 4-5 პაციენტზე ჩატარდება დღეს ტესტირება, ეს პირველი ეტაპია. 24 საათიანი დაყოვნების შემდეგ, განმეორებითი ტესტირება უნდა ჩატარდეს. პასუხები ალბათ ორ დღეში იქნება ცნობილი“ , – აღნიშნა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები