„ჩვენ გავდივართ, რომ  გავაჟღეროთ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი ადამიანების გამოწვევები“ – პრაიდი იწყება  

  •  

არსებული რისკებისა და დაპირისპირების მიუხედავად, ლგბტ თემი კვირეულის გადადებას არ აპირებს. გადაწყვეტილება საბოლოოა. ამ საკითხზე მათ დღეს იმსჯელეს და  დაასკვნეს, რომ საქართველოს ისტორიაში, პირველი ღირსების მარში უნდა ჩატარდეს.

ლგბტ თემის მიერ დაგეგმილ კვირეულში  აქტივისტები ოჯახის წევრებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას. ასევე, მათ გვერდით იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატები და ევროპიდან ჩამოსული მხარდამჭერები.

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში, თბილისის პრაიდის გუნდი რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით. არაფორმალური ბანდ-ფორმირებები, რომლებიც თბილისის ქუჩებში აპირებდნენ პატრულირებას ჩვენი ფიზიკური ანგარიშსწორებისათვის, საფრთხეს გვიქმნიან არა მხოლოდ ჩვენ და სხვა ლგბტ ადამიანებს, არამედ ყველას, ვინც მოძალადე ჯგუფების მიერ “განსხვავებულად” აღიქმება. ამ ფონზე კი, სახეზე გვაქვს სახელმწიფოს უმოქმედობა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უპასუხისმგებლო და საფრთხის შემცველი განცხადებები, რომლებიც ერთ სიბრტყეში გვაყენებენ მოძალადე ჯგუფებთან. ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მიგვანიშნა, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება და გრძელვადიანი ხედვა, რომელიც ქვეყანაში სიძულვილის აღმოფხვრისა და სისტემური რეფორმების გატარების სურვილზე მიუთითებს. ხელისუფლების ქმედებები სიძულვილის ჯგუფების წინააღმდეგ არასაკმარისი და არაეფექტურია. საფრთხეშია საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ინსტიტუციები“, – ვკითხულობთ ლგბტ თემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ისინი ხელისუფლებას კონსტიტუციით აღიარებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ სწორედ ამიტომ გადიან ქუჩაში: „სწორედ ამიტომ, ჩვენ გავდივართ! გავდივართ, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება დაიცვას ადამიანის უფლებები და შეასრულოს ქვეყნის კონსტიტუციით აღებული ვალდებულებები. გავდივართ, რათა კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანების წინაშე მდგარი გამოწვევები. გავდივართ, რადგან დღეს საფრთხეში ვართ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ საფრთხეშია საქართველოს სახელმწიფოებრიობა და დემოკრატიული წყობილება. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიუხედავად, შემოგვიერთდით.“  

მსგავსი თემები