„ქაჯობამ ქვეყანას ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა სხვადასხვა დროს“ – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე სოჭიდან ბათუმში შემოსული საკრუიზო ლაინერის საკითხთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტს ქაჯობას უწოდებს. საუბარია ლაინერზე, რომელსაც ბათუმიდან უკან გაბრუნება მოუწია, რადგანაც მას პროტესტით დახვდნენ. პროტესტი კი ლაინერზე მყოფმა რუსულენოვანმა მოქალაქეებმა გამოიწვიეს, რომლებიც აცხადებდნენ, რო რუსეთი ოკუპანტი არ არის და რუსეთმა აფხაზეთი „ჩვენგან“ იხსნა.

„რაც ვიხილეთ, არის, უბრალოდ, ქაჯობა. მინდა, შეგახსენოთ, რომ ამ ქაჯობამ ქვეყანას ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა სხვადასხვა დროს, ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი, ეს იყო შედარებით გვიანდელი პერიოდი, ეს იყო 2004-2012 წლები, მათ შორის, 2008 წელი. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია. რა თქმა უნდა, რუსეთი იყო აგრესორი, იმავე 90-იან წლებში, 2008 წელს, მაგრამ ყველა შემთხვევაში, როდესაც პრობლემები ექმნებოდა ჩვენს ქვეყანას, ეს, მათ შორის, იყო იმ ქაჯობის შედეგი, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან ხორციელდებოდა.

დღეს იგივე ადამიანები ცდილობენ, რომ ეს ქაჯობა ოპოზიციის რიგებიდან დააბრუნონ და ამით შეუქმნან საქართველოს პრობლემები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას არ დავუშვებთ. ჩვენ არ გვჭირდება ქაჯური პოლიტიკა, ჩვენ გვჭირდება პრაგმატული, რაციონალური, სწორი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ერთადერთი რეცეპტი იმისთვის, რომ საქართველომ შეინარჩუნოს მშვიდობა და ქვეყანას ჰქონდეს განვითარება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები