„ცალსახად ნუ ვიტყვით, რომ რუსეთი ელექტროენერგიის ერთადერთი მომწოდებელია“ – დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავარში“

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიას განცხადებით, საქართველო ელექტროენერგიის იმპორტის მხრივ რუსეთზე დამოკიდებული არ არის და ქვეყანაში ელექტროენერგია იქიდან შემოვა, სადაც ყველაზე იაფი ტარიფი იქნება. აღნიშნულ საკითხზე დავით ნარმანიამ მედიაცენტრ მთავარში ისაუბრა.

„ელექტროენერგიის გარკვეული რაოდენობის იმპორტი ხდება მეზობელი ქვეყნებიდან. არიან კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ იმპორტს და პერიოდულად, სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ აუქციონში იღებენ მონაწილეობას, რომ დეფიციტის პირობებში, ელექტროენერგია შემოიტანონ მეზობელი ქვეყნებიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ სისტემას დეფიციტის შესავსებად რა ენერგიაც დასჭირდება, შესაბამისი იმპორტი განხორციელდება“ -აღნიშნა ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მისივე შეფასებით, საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობა სამი ქვეყნიდან აქვს.

„ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ რუსეთი ერთადერთი მომწოდებელია ზამთრის განმავლობაში. ჩვენ სამივე ქვეყანასთან გვაქვს შესაბამისი მიწოდების შესაძლებლობა. ეს არის  რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი. მართალია თურქეთში ფასები მყისიერად გაიზარდა, თუმცა, ჩვენ სხვა ალტერნატივაც გვაქვს აზერბაიჯანის სახით, სადაც ფასები შედარებით სტაბილურია. ამავდროულად, აზერბაიჯანი საქართველოს გავლით თურქეთში ტრანზიტსაც ახორციელებს. ესეც ერთგვარი ფაქტორია, რომ დროთა განმავლობაში, იქ ფასები დასტაბილურდება.  ის, თუ საიდან ღებულობს საქართველო თვიდან თვემდე ელექტროენერგიას, დამოკიდებულია რომელი ქვეყანა რა ფასს შემოგვთავაზებს. იმპორტიორი უმდაბლესი ფასის მიხედვით განახორციელებს იმპორტს“ – განაცხადა დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

სემეკ-ის თავმჯდომარემ რუსეთთან დაკავშირებით კიდევ ერთ ფაქტორზე ისაუბრა.

„რუსეთიდან იმპორტი როცა ჩანს სტატისტიკაში, ეს არ ნიშნავს, რომ ელექტროენერგიას ღებულობს ენგურს აქეთ ნაწილი. ჩვენი გატარებით აფხაზეთი მარაგდება რუსეთიდან შემოტანილი ენერგიით. ისინი ყიდულობენ დეფიციტის პერიოდში რუსეთიდან ელექტროენერგიას და აფხაზეთის მოხმარება გაზრდილია“ – განმარტა ნარმანიამ.

მსგავსი თემები