ზამთრის მოახლოებასთან ერთად, უკრაინა უფრო მეტად ფრთხილობს და ემზადება. ამჯერად, უკრაინა ბელარუსთან საზღვარზე კედელს აშენებს. ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო ავრცელებს.
ტიმოშენკოს თქმით, უკრაინის ჩრდილოეთ საზღვარზე კედელი შენდება, ხოლო რუსეთთან მოსაზღვრე ოლქებში კი ფორტიფიკაციებითაც ამაგრებენ.
“ჩრდილოეთით მუშაობა დუღს – აქ ბელარუსთან საზღვარზე კედელს აშენებენ… თხრილი, ბორცვი, რკინაბეტონის ღობე მავთულხლართებით – ესაა საინჟინრო ბარიერები, რომლებსაც ვოლინის ოლქში აშენებენ. ასე უკვე მოწყობილია საზღვრის დაახლოებით 3 კილომეტრი, მუშაობა გრძელდება. ეს ყველაფერი არაა, მაგრამ ყველა დეტალს არ გავამხელთ. მუშაობა მიმდინარეობს ასევე რივნესა და ჟიტომირის ოლქებში”, – წერს ტიმოშენკო.