,,დისკრიმინაცია ჩავიდინეთ ღვანკითისა და მარნეულის მოსახლეობის წინაშე, ვაკეშიც იყო ვირუსი, მაგრამ იქ ადამიანები არ ჩაგვიკეტავს”- იაგო ხვიჩია

,,ჩვენ დისკრიმინაცია ჩავიდინეთ ღვანკითის მოსახლეობის წინაშე, მარნეულის მოსახლეობის წინაშე. ვაკეში ადამიანები არ ჩაგვიკეტავს, მიუხედავად იმისა, რომ ვაკეშიც იყო ვირუსი და აზრად არ მოგვსვლია ეს,”-  ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მაგალითი, რაც განსხვავებაა მასსა და წინა სახალხო დამცველს შორის ან  მომავალ სახალხო დამცველს შორის არის კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხი.

„ჩემი აზრით, ერთ-ერთი მაგალითი, რაც განსხვავებაა ჩემსა და წინა სახალხო დამცველს შორის ან ვთქვათ, მომავალ სახალხო დამცველს შორის არის კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც მოვიდა როგორც პანდემია, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდით. ასე არის ეს „გაპრავებული“ – აბა, რა უნდა გვექნა, არაფერი ვიცოდით კორონას შესახებ და უნდა შემოგვეღო შეზღუდვები. თვითონ ეს ლოგიკა, რომ არაფერი ვიცოდით და ამ დროს, როცა არაფერი ვიცით, გამოსავალი გვგონია ადამიანის უფლების შეზღუდვა, უკვე არასწორია. რისიც მჯერა და მწამს, არის ის, რომ როცა არაფერი იცი, ამ დროს არ შეიძლება, გამოსავლად, რეცეპტად მოიყვანო თავისუფლების შეზღუდვა ადამიანთა საზოგადოებაზე. არ შეიძლება, ვინმემ ეს გააკეთოს, მაგრამ წარმოიდგინეთ, როცა გნიშნავენ ისეთ სპეციფიკურ თანამდებობაზე, სადაც თქვენი მთავარი მოვალეობა არის ადამიანის უფლებათა დაცვა, თქვენთან არაფერ შუაშია არც მედიცინა, არც რაღაც მსგავსი ტიპის სხვა არგუმენტები, რომლებიც ამ დროს გაისმის, რადგან თქვენ კონკრეტული რაღაცისთვის ხართ. მთავარ ექიმად არ ხართ დანიშნული, დანიშნული ხართ ადამიანის მთავარ უფლებადამცველად. ამ პერიოდში რა იყო ადამიანის მთავარი უფლება, რომელიც დაირღვა – ეჭვის საფუძველზე ადამიანების დაპატიმრება.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,  რა იყო კარანტინი, რატო ჩავსვით ციხეში ადამიანები ეჭვის საფუძველზე, რომელსაც ზუსტად ვიცოდით, უეჭველად ვიცოდით, რომ დანაშაული არ ჰქონდათ, მაგრამ ეჭვი გვქონდა, შეიძლება, მათ სხეულში ყოფილიყო ვირუსი, ვირუსი, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდით. წარმოიდგინეთ, უცნობი ვირუსი, რომელზეც არაფერი ვიცით, უდანაშაულო ადამიანი, რომელსაც ეს ვირუსი აქვს და შეშინებული საზოგადოება, შეშინებული მართლმსაჯულების სისტემა, შეშინებული მედიცინა. ჩვენ გამოსავლად ვიპოვეთ ის, რომ ადამიანები წაგვეყვანა ციხეში, გამოგვეკეტა სახლში და საკუთარი უცოდინრობა ასე „გაგვეპრავებინა“.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ბევრს შეიძლება, ეს ეპატიოს, მაგრამ სახალხო დამცველს არა და როგორც მართლმსაჯულების სისტემები ჩავარდა სამყაროში ბევრგან, ჩვენთან სახალხო დამცველის ინსტიტუტი სრულად ჩავარდა მაშინ, როცა მთავრობას მადლობას უხდიდა გატარებული შემზღუდველი ღონისძიებებისთვის. ეს იქნებოდა განსხვავებული ჩემს შემთხვევაში. მე არ დავუჭერდი მხარს ადამიანის უფლებების არც ერთ შემზღუდველ ღონოსძიებას, რადგან ჩვენ არ ვიცოდით სინამდვილეში, რას ვაკეთებდით ამ პერიოდში. არ დავუჭერდი მხარს ამ ყველაფრის, ვირუსთან ბრძოლის ომად გამოცხადებას და ავტომატებით დგომას რომელიღაც საზღვრებზე, სადაც ვთქვათ, ვირუსი გაუჩნდა ადამიანებს და სხვაზე რომ არ გადადებულიყო.

ჩვენ დისკრიმინაცია ჩავიდინეთ ღვანკითის მოსახლეობის წინაშე, მარნეულის მოსახლეობის წინაშე. ვაკეში ადამიანები არ ჩაგვიკეტავს, მიუხედავად იმისა, რომ ვაკეშიც იყო ვირუსი და აზრად არ მოგვსვლია ეს, მაგრამ ღვანკითი იქნებოდა, მარნეული, თუ არ ვცდები, ბორჯომი იყო კიდევ, იქ იმავეს ჩვეულებრივად ვაკეთებდით და ამის შესახებ ხმა არავის ამოუღია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები