სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსს ბრალი წარუდგინეს

პატიმრობაში მყოფ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსს ალექსანდრე სამხარაძეს საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის მუხლით ბრალდება წარუდგინეს. საქმე ეხება მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ვაზნებს.

„ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს, რაც საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას გულისხმობს. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იყო, საშტატო იარაღი ჰქონდა. როდესაც თანამდებობა დატოვა, იარაღი ჩააბარა, ხოლო ტყვიების ჩაბარება დაავიწყდა და ამან მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა გამოიწვია. 16 ივნისს, როდესაც მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს, ეს ტყვიები აღმოაჩინეს და ბრალი დღეს წაუყენეს,“ – განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ მედიასთან.

ალექსანდრე სამხარაძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

„დაკავების საფუძველი არ იყო და არ დაუკავებიათ. ბრალი წაუყენეს და გამოუშვეს. სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება ბრალდებულის პირველი წარდგენა სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე და მე ვფიქრობ, რომ მის მიმართ პატიმრობა არ იქნება გამოყენებული. მე გირაოს შეფარდებასაც არ მოვითხოვ“ – აღნიშნა ადვოკატმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები