,,კანდიდატის სტატუსი დსთ-ს წევრმა ქვეყანამ მიიღო, ჩვენ არ და ვერ მივიღეთ, რაც სულ მცირე უცნაურია”- მამუკა მდინარაძე

„საქართველო თავის მეგობარ ორ ქვეყანას – იმ ქვეყნებს, რომელთაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ, რეფორმებით, დემოკრატიის ხარისხით ბევრად უსწრებს,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ,  მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, სულ მცირე უცნაურია, როდესაც დსთ-ს წევრმა ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და საქართველომ არა.

„იმ მეგობარმა ქვეყანამ, რომელსაც დღემდე შენარჩუნებული აქვს ადგილი დსთ-ში, ანუ სტატუსი დსთ-ს წევრმა ქვეყანამ მიიღო. ჩვენ არ და ვერ მივიღეთ, რაც სულ მცირე უცნაურია. ამ შეფასებას არ გავცდეთ, თუმცა ამის მიზეზები თქვენც კარგად იცით, ჩვენც კარგად ვიცით, საზოგადოებამაც კარგად იცის და შეიძლება, ბევრი ლაპარაკიც არ იყოს საჭირო. მოხდა ასეთი უცნაურობა და პარადოქსი, როცა დსთ-ს წევრი ქვეყანა დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით სარგებლობს, ხოლო რეფორმებისა და დემოკრატიის ხარისხით მოწინავე ქვეყანამ, რომლის მმართველმა გუნდმა ევროპული კურსის ურყეობის შესახებ კონსტიტუციაში ჩაწერა, სტატუსი ჯერ ვერ მიიღო. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა, რაც ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველამ იცის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები