„სამართლიანი არჩევნების“ სამუშაო ჯგუფში არდაშვებასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს

„საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის ნება არ დართეს და არ დაუშვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს.

„სამართლიანი არჩევნების” (ISFED), საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილი საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციის არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად საქართველომ უნდა „უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა დონეზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც საელჩოში აცხადებენ, ISFED-ი შეარჩიეს მისი კომპეტენციის, პროფესიონალიზმისა და საარჩევნო რეფორმებში ხანგრძლივი გამოცდილების გამო.

„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები რიგ საკითხებზე ხალხის ხმას წარმოადგენს და სასიცოცხლო როლს თამაშობს მოქალაქეთა საჭიროებების, პრიორიტეტებისა და არჩევანის უზრუნველსაყოფად. ISFED-ის არდაშვება პარლამენტის საარჩევნო რეფორმის პროცესის გულწრფელობასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც პარლამენტის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე განმარტავს,“სამართლიანმა არჩევნებმა” ნეიტრალიტეტი დაკარგა, როდესაც პრემიერ-მინისტრის გადაყენების თაობაზე მოთხოვნას შეუერთდა. მიქანაძის განმარტებით, “სამართლიანი არჩევნები” არის ორგანიზაცია, რომელმაც 2020 წლის პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა, 7 კვირის განმავლობაში დამალა და აღნიშნული ქმედებით ქვეყნის იმიჯი შელახა.

 

მსგავსი თემები