„დამირეკეს და მითხრეს“ – რა შეთავაზება მიიღო სოსო ჯაჭვლიანმა მოსკოვიდან

„მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის“ პრეზიდენტის, სოსო ჯაჭვლიანის განცხადებით, მას რუსული მხარე დაუკავშირდა და სანქციების გვერდის ავლით, საქართველოს დისკვალიფიცირებული სპორტსმენების ჩემპიონატში მონაწილეობა შესთავაზეს. მისივე განმარტებით, ხარჯებს სრულად ფარავდა რუსეთის ფედერაცია.

,,დამირეკეს და მითხრეს, ასეთი რაღაც, რომ ჩვენ ვატარებთ ალტერნატიულ მსოფლიო თასს, რამოდენიმე ქვეყანა შეიკრიბება და მთელი ნაკრების დაფინანსებას რუსეთის ფედერაცია ღებულობს. სპორტსმენებს განათავსებდნენ 5 ვარსკვლავიან სასტუმროში და რა თქმა უნდა ფულადი ჯილდოებიც იქნებოდა,”- განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა ,,მედიაცენტრ მთავარში”.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, თუ ვინ მიიღებდა რუსეთის მიერ ორგანიზებულ ჩემპიონატში მონაწილეობას, „მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის“ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეჯიბრში მონაწილეობას რუსეთისა და ბელორუსიის ნაკრებები მიიღებენ.

,,მათაც ხომ ჰყავთ თავიანთი თანამზრახველები მსოფლიოს მასშტაბით. 3-4 ქვეყანა, რომ შეიკრიბოს ჩაატარებენ ალტერნატიულ თასს. საერთოდ, საერთაშორისო შეჯიბრებებს თავისი წესდება აქვს, რამოდენიმე ქვეყანა თუ შეიკრიბება, მათ აქვთ უფლება ჩაატარონ შეჯიბრი. ჩემპიონატი სევასტოპოლში უნდა ჩატარდეს,”- აღნიშნა სოსო ჯაჭვლიანმა.

ამასთან, „მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის“ პრეზიდენტმა მოუწოდა სამინისტროს არ დაუშვას არცერთი სპორტსმენის მონაწილეობა აღნიშნულ ჩემპიონატში.

,,მივმართავ სამინისტროს, ხომ კარგად იცით რომ მე იქ წამსვლელი არ ვარ, მაგრამ არსებობს ცდუნება, რომ სპორტსმენები თავიანთი ინიციატივით ჩავიდნენ და გამოაცხადონ, რომ საქართველოდან მონაწილეობა მიიღეს. ეს უკვე ნიშნავს, რომ საქართველომ შეთავაზება მიიღო და მონაწილეობა მიიღო ჩემპიონატში,”- განაცხადა ,,მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის“ პრეზიდენტმა.

სოსო ჯაჭვლიანის ცნობით, ფედერაცია ოფიციალურად არ მიიღებს მონაწილეობას ჩემპიონატში, მაგრამ ის  სპორტსმენები, რომლებიც თავიანთი ნებით გაემგზავრებიან  სევასტოპოლში, სამუდამო დისკვალიფიკაცია ექნებათ.

,,ყველა დისკვალიფიცირებულია ჩათვალეთ, ყველა სპორტსმენი ვინც იქ ჩავა, სამუდამო დისკვალიფიკაცია აქვთ, “- აცხადებს ჯაჭვლიანი.

შეგახსენებთ, „მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის“ პრეზიდენტმა  რუსეთისგან მიიღო შეთავაზება, საქართველოს დისკვალიფიცირებულ სპორტსმენებს, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო დისკვალიფიცირებულმა რუსეთისა და ბელორუსიის ნაკრებებს სევასტოპოლში ერთად ჩაეტარებინათ ჩემპიონატი მკლავჭიდში.

რა შთავაზება მიიღო სოსო ჯაჭვლიანმა მოსკოვიდან – ჯაჭვლიანი “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები