„პრეზიდენტმა 5 ელჩის დანიშვნას და ერთის გამოწვევას ხელი არ მოაწერა“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტთან კინკლაობას არავინ აპირებს, თუმცა, მას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ 5 ელჩის დანიშვნასა და ერთის გამოწვევაზე უარი თქვა.

„ჩვენ ვსაუბრობთ ფაქტებით. ფაქტები  შემდეგია – გასული წლის ივნის-ივლისში, პრეზიდენტს მთავრობისგან ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით სამი წარდგინება გაეგზავნა და დღემდე არცერთ წარდგინებაზე არ არის პასუხი. გასულია, თითქმის, ერთი წელი, შესაბამისად, პრეზიდენტმა მათ დანიშვნაზე უარი განაცხადა. ამ ნაწილში უკვე არასწორი ინფორმაცია გვაქვს, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ასევე, წელს, დაახლოებით 2-3 კვირის წინ მთავრობამ გააგზავნა წარდგინება ორი ელჩის დანიშვნასა და ერთის გამოწვევასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში, არათუ უპასუხოდ დატოვა ეს წარდგინება, პირდაპირ წერილობით უარი აქვს ნათქვამი“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

როგორც კობახიძე განმარტავს, პრეზიდენტმა ჯამში 5 ელჩი არ დანიშნა და ერთის გათავისუფლებაზე თქვა უარი.

აღნიშნული განცხადებით მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის იმ განცხადებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს არც ერთი ელჩის დანიშვნაზე უარი არ უთქვამს.

მსგავსი თემები