„მე არ და ვერ შევალ სააკაშვილის შეწყალების თემის ხელახლა განხილვაში“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზეც ისაუბრა და ყველას გასაგებად აღნიშნა, რომ ის ამ თემას არ დაუბრუნდება. მან უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ უკრაინის ომიდან გამომდინარე, უშიშროების საბჭო ერთხელაც არ შეკრებილა.

„მე არ და ვერ შევალ აქ, მთავრობის ცალკეული განცხადებებისა, თუ მოქმედებების შეფასებაში, რომლებიც უკრაინის ომს და ჩვენს უსაფრთხოებას ეხება. ასეთი განხილვები დახურულ, ოღონდ ინკლუზიურ ფორმატში, ყველას ჩართულობით, მოსმენით და აზრთა გაცვლით უნდა ხდებოდეს და შემდეგ ყველა უნდა იღებდეს მიღებულ გადაწყვეტილებაზე ერთობლივ პასუხისმგებლობას.  ამ ფორმატის შექმნა კი, ხელისუფლებას ევალება.

ამიტომ, მე არ და ვერ შევალ აქ იმ ცალკეული პიროვნებების ქმედებების გარჩევაში, რომლებიც მიზანმიმართულად მანიპულირებენ და ცდილობენ ამ უმძიმეს დროს ორ მეგობარ ქვეყანას შორის დათესონ გაუგებრობა, წყენა, უთანხმოება და გააჩინონ რაიმე ბზარი. ყველასთვის გასაგებია და ამას ჩვენი პარტნიორებიც კარგად ხვდებიან, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ნებისმიერი უთანხმოება რუსეთისთვის და მხოლოდ რუსეთისთვისაა ხელსაყრელი.

მე არ და ვერ შევალ, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, სააკაშვილის შეწყალების თემის ხელახლა განხილვაში, რამეთუ პასუხი, ერთხელ უკვე გაცემულია. უკრაინის ომით ამ საკითხის გაცოცხლება კი, მხოლოდ შიდა პოლარიზაციის გაღვივების გამომწვევია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში.

 

მსგავსი თემები