140 000-მდე სოციალურად დაუცველი ბავშვი 5-ჯერ მეტ დახმარებას მიიღებს

სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდები და ოჯახები, სადაც ბავშვები იზრდებიან, ხუთჯერ მეტ დახმარებას მიიღებენ. ინიციატივა მომავალი წლის ბიუჯეტში უკვე ასახულია, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, საქართველოში, ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ბავშვი, რომელსაც სახელმწიფოსგან განსაკუთრებული ყურადღება და ზრუნვა სჭირდება.

“მმართველი პოლიტიკური გუნდის მთავარი პრიორიტეტი მუდამ იყო ადამიანი, როგორც მთავარი ფასეულობა. სოციალური პოლიტიკის თვალსაზრისით, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით. მინდა, საყოველთაო ჯანდაცვის და დაზღვევის სისტემა გამოვყო, მაგრამ რაც შეეხება ჩვენი სოციალური დაცვის პოლიტიკას, ამ ნაწილში აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები გვექნებოდა“, – აცხადებს მამუკა ბახტაძე.

​მისივე თქმით, მმართველი გუნდი პასუხისმგებლობას აცნობიერებს, რომ ბავშვთა სოციალური დაცვის თვალსაზრისით დღემდე არსებული სისტემა შესაცვლელია. მთავრობამ იუნისეფის რეკომენდაციებზე დაყრდნობით ახალი სისტემა შეიმუშავა.

„ჩვენ მთლიანად ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას, რომ ბავშვთა სოციალური დაცვის თვალსაზრისით დღემდე არსებული სისტემა არის შესაცვლელი. სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდები და ოჯახები, სადაც ბავშვები იზრდებიან, ხუთჯერ მეტ დახმარებას მიიღებენ. ამ სოციალურ მხარდაჭერას 50 ლარამდე ავწევთ. შესაბამისად, აღნიშნული ინიციატივა 140 ათასამდე ბავშვს შეეხება“ – განაცხადა პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

​მისივე ინფორმაციით, ეს ყველაფერი არ არის და ბავშვთა საჭიროებებსა და პრობლემებზე ზრუნვა მხოლოდ აღნიშნული ინიციატივით არ შემოიფარგლება. ასევე, აქტიურად გაგრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა.

“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბავშვები ყველაზე მეტად იყვნენ დაცული ჩვენს საზოგადოებაში, მათ ჰქონდეთ განვითარების თანაბარი პირობები და ღირსეული პირობები“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები