საპრეზიდენტო არჩევნებმა გადაარჩინა საქართველო მარიხუანის პლანტაციებს – სანდრო ბრეგაძე 

მოძრაობა “ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე ქვეყნის მოსახლეობას ულოცავს “მარიხუანის კულტივაციის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების II ტურმა გადაარჩინა საქართველო მარიხუანის პლანტაციებს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” სანდრო ბრეგაძემ განუცხადა, ხელისუფლებამ ხალხის მოთხოვნა შეასრულა, რაც შესანიშნავია.

მისი აზრით, კარგი იქნება თუ “ქართული მარშის” მეორე მოთხოვნაც შესრულდება და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, რადგან სწორედ არჩევნები ააცილებს ქვეყანას “ნაციონალური მოძრაობის” შესაძლო რევანშსა და დესტაბილიზაციას.

” შესანიშნავია რომ ხალხის მოთხოვნა შესრულდა.”ქართულმა მარშმა” შეასრულა მხოლოდ ქართველების მოთხოვნის სწორ დროს დაყენების ფუნქცია. კარგია, როდესაც ჩვენი მოთხოვნა ასე ოპერატიულად შესრულდა. ხუმრობით შეიძლება ითქვას, რომ II ტურმა გადაარჩინა საქართველო მარიხუანას პლანტაციებს”, – აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

აღსანიშნავია, რომ “ქართული მარშისა” და მისი პარტნიორი გაერთიანებების მხარდამჭერებმა, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს. ისინი არჩევნების მეორე ტურში ბოიკოტის მოხსნისა და ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატისთვის ხმის მიცემის მზადყოფნას გარკვეული პირობით გამოთქვამენ, მათ შრის ერთ-ერთი მარიხუანის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის განხილვის შეწყვეტაა.

“ქართული მარში” გამოდის ინიციატივით, არჩევნების მეორე ტურში “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვების წინააღმდეგ შეიქმნას დიდი გაერთიანება არა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდასაჭერად, არამედ ნაციონალების რევანშის წინააღმდეგ.

“ეროვნული ძალებისთვის სალომე ზურაბიშვილი ვერასოდეს გახდება მოსაწონი პერსონა. ამას აქვს სუბიექტური და ობიექტური მიზეზები, მაგრამ ამავე დროს უმნიშვნელოვანესია რომ სააკაშვილის ბანდამ ვერ მოახდინოს რევანში, რადგან ეს იქნება ქვეყნის კატასტროფა. ჩვენ ვართ იმ 55%-ის ნაწილი, რომელიც არჩევნებზე არ მივიდა. ამითი პროტესტი გამოვუცხადეთ მართლმადიდებლობის, ეკლესიის, ეროვნულობის, ქართველობის, ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლას, რომელსაც კოჰაბიტირებულები ერთობლივად ახორციელებდნენ. ჩვენ არ ვიქნებით “სალომისტები“, მაგრამ გვაქვს ძალა რომ გავხდეთ ბოკერიას და ნაცების დამსამარებლები, რაც არ გააკეთა “ოცნებამ”, უნდა გავაკეთოთ ჩვენ”, – აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

მსგავსი თემები