“ბას ლაინებში” მოძრაობაზე კონტროლი მკაცრდება, ურჩ მძღოლებს კამერები დააფიქსირებს

თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლებში კერძო ავტომობილების გადაადგილებისა და ველობილიკებზე პარკირების შემთხვევებზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვს.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მერიის პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ველოსიპედებით გადაადგილების წახალისებაა, სწორედ ამიტომ, ყველა განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტში ე.წ.  ბასლაინები და ველობილიკები გათვალისწინებულია.

კალაძის ინფორმაციით, 2019 წელს, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებისას, დედაქალაქის მერია მაქსიმალურად ითვალისწინებს უცხოელი ექსპერტების რჩევებს, მინიშნებებს, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ  საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა იყოს კომფორტული, სწრაფი და თავისუფალი.

“შემთხვევითი არ არის, რომ ავტობუსებისთვის განკუთვნილი გვაქვს სპეციალური ზოლები, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ყველაზე კომფორტული იყოს. ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის ჭრილში, შევეცდებით, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ისარგებლოს კიდევ უფრო მეტი უპირატესობით და შევზღუდოთ კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოხმარება. პრობლემა ისაა, რომ გახშირდა შემთხვევები, როდესაც ავტობუსის ზოლზე მოძრაობენ ავტომანქანები, რაც დარღვევაა. მინდა, ვთხოვო ირაკლი ხმალაძეს, მჭიდრო კომუნიკაცია გქონდეთ საპატრულო პოლიციასთან, მათი მხრიდან არის სრული მზაობა. საუბარი მქონდა მინისტრ გიორგი გახარიასთან და მაქსიმალური მხარდაჭერა გვაქვს. თუ საჭიროა, აუცილებლად დავაყენოთ კამერები, რომ დამრღვევები დაჯარიმდნენ. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ეს ზოლები მხოლოდ  საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვისაა განკუთვნილი, რათა ადამიანებმა გადაადგილება შეძლონ სწრაფად და კომფორულად “, – განაცხადა კახა.

მისივე თქმით, დაუშვებელია,  ავტომობილების ველობილიკებზე პარკირებაც.  ასეთ შემთხვევებზე რეაგირება  გამკაცრდება. მსგავსი პრობლემაა ტაქსის სადგომებთან დაკავშირებითაც.  რეგისტრირებული ტაქსისთვის ქალაქში პირველად გამოიყო სპეციალური ადგილები, თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც ამ ადგილებზე გაჩერებულია სხვა კერძო სატრანსპორტო საშუალებები.

“როდესაც რაღაც გადაწყვეტილებას ვიღებთ, თუ არ აღვასრულეთ, იმ რეფორმას ფასი  ეკარგება. ეს ხომ ჩვენი ახირება არ არის.  ყველაფერს ვაკეთებთ საერთაშორისო სტანდარტებით, როგორც ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებშია და ახლის გამოგონებას არ ვაპირებთ. გვინდა, ხელი შევუწყოთ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარებას. ველობილიკები იმისთვის კეთდება, რომ რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა იყოს ფეხით გადაადგილების, ველოსიპედით სარგებლობის. ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომლის რეაბილიტაციასაც ვახორციელებთ, გვექნება ის მიდგომები, რაც კოსტავა-შარტავას კონკრეტული მონაკვეთის რეაბილიტაცისას გვქონდა. ჩემი თხოვნა იქნება, ჩართეთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაც, რომელიც პარკირების მონიტორინგს ახორცხიელებს და ამ მიმართულებით რეგულაციები გავამკაცროთ. თუ გასაზრდელია ჯარიმები, მივიღოთ გადაწყვეტილება, პარლამენტი მზადაა, თუ კანონში გვინდა ცვლილებების შეტანა. ქალაქში უნდა იყოს წესრიგი. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ფეხით მოსიარულეებისთვის შესაძლებელი იყოს თავისუფალი გადაადგილება, ასევე, ველობილიკების მიზანია, ხელი შევუწყოთ ამ  მიმართულებით განვითარებას,” – აღნიშნა თბილისის მერმა.

 

მსგავსი თემები