„არ გამოირიცხებოდა სისხლისღვრაც“ – გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის ინფორმაციით, ადამიანების, რომლებიც სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში ფიგურირებენ და რომლებიც ხელისუფლების დასამხობად შეთქმულებას გეგმავდნენ, უახლოეს საათებში, მაგისტრი მოსამართლეების წინაშე დაიკითხებიან.

როგორც ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ არც აყენებენ.       

„ეს არის საქმეში გამავალი ერთ-ერთი აუდიოჩანაწერი, რომელიც აბსოლუტურად კანონიერი გზით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე იქნა მოპოვებული და წარდგენილი საზოგადოებისთვის, რამაც თავისთავად შეასრულა საპრევენციო ხასიათის როლი. ჩვენ ამით მოქალაქეებს, ვინც შეიძლებოდა ნებსით ან უნებლიეთ მომხდარიყო ამ გაუგებრობაში, მივეცით ინფორმაცია განზრახვის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებას, დაპატიმრებული ადამიანის ტრანსპორტირებისას ხელის შეშლას და ა.შ. მათ შორის არ გამოირიცხებოდა სისხლისღვრასაც. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თვითონ ამ ჩანაწერის ფიგურანტმა პირებმა არ უარყვეს ამ ჩანაწერის ავთენტურობა. ჩვენ ველოდებით მათ დაკითხვებს. მათ უარი განაცხადეს უსაფრთხოების სამსახურის შენობაში გამოცხადებაზე, მათ აქვთ ამის კანონიერი უფლება, თუმცა უახლოესი საათების განმავლობაში ისინი გამოიკითხებიან მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით“, – განაცხადა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, შეთქმულებასთან დაკავშირებით, რომელსაც ეს ადამიანები გეგმავდნენ, უფრო მეტი მტკიცებულება არსებობს.

„შინაარსი, რა თქმა უნდა, შეიცავს სისხლის სამართლებრივ ნიშნებს, თუმცა ეს არის ვარაუდი, ვინაიდან გამოძიების მიმდინარეობის პროცესში გამოიკვეთება უფრო მეტი მტკიცებულება. უნდა გამოიკითხონ მოწმეები, თავად ეს პირები და მერე შეგვეძლება უფრო დადასტურებით ვისაუბროთ ამ თემაზე“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სუს-მა გუშინ აიდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის მე-8 ან სხვა დაწესებულებაში შესაძლო ეტაპირების შემთხვევაში, დესტრუქციულ ქმედებებზე საუბრობენ.

,

მსგავსი თემები