ცნობილია იმ პატიმრების ვინაობა, ვინც ციხეში ხანძარს ემსხვერპლა

ორი გარდაცვლილი და რამდენიმე დაშავებული – ასეთის რუსთავის ციხეში გაჩენილი ხანძრის შედეგი.

პენიტენციური სამსახურმა გარდაცვლილი პატიმრების ვინაობა დღეს გაასაჯაროვა და ასევე, დაადასტურა ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით განვმარტავთ, რომ N17 პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში გაჩენილ ხანძარს ორი მსჯავრდებულის, რომან ქრისტესიაშვილის და ილია ხიპაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორივე მათგანი დაწესებულების სამეურნეო ნაწილში იყო დასაქმებული. ასევე კვამლის ინტოქსიკაციის შედეგად მსუბუქად დაშავდა კომპანია “ილი ჯგუფის” (პენიტენციური სამსახურის კვებითი მომსახურების კომპანია) რამდენიმე თანამშრომელიც, რომელთა ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ”, – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

რა გახდა ხანძრის მიზეზი, ამ ეტაპისთვის უცნობია.

“დაწესებულების სამზარეულოს ნაწილში აალება, ჯერჯერობით, დაუდგენელი მიზეზების გამო, დაახლოებით, 14:20 საათზე მოხდა. აღსანიშნავია, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს და არ არსებობდა საფრთხე ხანძრის გავრცელების. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია”, – განმარტავენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის ციხეში ხანძარი გუშინ გაჩნდა. მას შემდეგ, დაწესებულებასთან პატიმრების ახლობლები არიან შეკრებილები და მათ პატიმრებთან კომუნიკაციას ითხოვენ.

მსგავსი თემები