სკოლებიდან მშობლებს ურეკავენ და აცრის დამადასტურებელ დოკუმენტს სთხოვენ

4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, სკოლებიდან მშობლებს ურეკავენ და სთხოვენ, აცრის დამადასტურებელ ფურცელს ფოტო გადაუღონ და ადმინისტრაციას გადაუგზავნონ.

მსგავსი შინაარსით „მედიაცენტრ მთავარს“ არაერთი მშობელი დაუკავშირდა. როგორც ისინი აცხადებენ, მინიმუმ შეურაცხმყოფელია, როცა ადმინისტრაცია მშობელს სიტყვაზე არ ენდობა და ითხოვს, აცრის დოკუმენტს ფოტო გადაუღოს და ადმინისტრაციაში გადააგზავნოს.

„დღეს დამირეკეს სკოლიდან. მკითხეს, ვარ თუ არა აცრილი. ვუთხარი, რომ ვარ. მითხრეს, მაშინ, ადმინისტრაციის ელექტრონულ მისამართს გადმოგიგზავნით და აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი გამოაგზავნეთო. ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. თან, საუბარია კერძო სკოლაზე. ჯერ ერთი, ვეუბნები რომ აცრილი ვარ და მეორე, არ გენდობიან და დოკუმენტს ითხოვენ. ვთქვათ და არ ვარ აცრილი, ვისი მშობელიც აცრილი არ არის, იმ ბავშვს რა, სკოლაში არ უშვებენ თუ რას აკეთებენ? ეს არის არაკონსტიტუციური ქმედება, ადამიანის დამცირება და დისკრიმინაცია, რომელსაც სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა პასუხი უნდა გასცეს. მითხრეს ჩვენ რა შუაში ვართ, გვთხოვენო“ – აცხადებს ერთ-ერთი მშობელი.

აღნიშნულთან დაკავშირებით „მედიაცენტრი მთავარი“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრსაც დაუკავშირდა იმის გასარკვევად, თუ რა კონკრეტული დავალება მისცეს სკოლებს და რა ელით იმ ბავშვებს ვისი მშობლებიც აცრილები არ არიან. ბატონმა ამირან გამყრელიძემ პრესსამსახურთან გადაგვამასამართა, პრესსამსახურმა კი გვითხრა, რომ თათბირი იწყება. როგორც კი თათბირი დამთავრდება და პასუხს მივიღებთ, „მედიაცენტრი მთავარი“ აღნიშნულ საკითხს ისევ მიუბრუნდება.     

მსგავსი თემები