წყალზე მხატვარი პირველ ქართველი, რომელიც საკუთარი ტექნიკით მსოფლიოს დაპყრობას გეგმავს

22 წლის ლელა სარიშვილი „თვითნასწავლი ხელოვანია“. სკოლა ისე დაამთავრა, არც ინტერნეტი ჰქონია და არც ტელეფონი, ხატვის მასწავლებელსაც არასდროს გაკარებია. პროფესიით ეკონომისტმა ბავშვობის გატაცება – ხატვა, დღეს უკვე თავის ძირითად საქმიანობად და შემოსავლის წყაროდ აქცია.

„ხატვისადმი სიყვარულით მინდა საქართველო მსოფლიოს გავაცნო“ – გვეუბნება პირველი ქართველი წყალზე მხატვარი, რომლის საოცარ პროფილსაც „მედიაცენტრი მთავარი“ წარმოგიდგენთ.

ლელა აქტიურად ხატავდა ბავშვობიდან, თუმცა, „ებრუს“ ხელოვნებით (წყალზე ხატვა) რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა.  სამხატვრო მიმართულებით განათლება არ მიუღია, თუმცა ბოლო 3 წელია, ამ საქმეს სერიოზულად მიუდგა და საკმაოდ წარმატებითაც. დროის ძირითად ნაწილს წყალზე ხატვას უთმობს და თითოეულ ნამუშევარს დიდი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით ქმნის.

“მედიაცენტრ მთავარის” რუბიკა “პროფილი მთავარზე”  საქართველოში პირველ „ებრუს“ მიმდევარს ესაუბრა, რომელიც გვიყვება, როგორ ვაქციოთ სურვილი მიზნად.  

ლელა სარიშვილი: „პირველად როდის დავხატე, არ მახსოვს. დედის მონაყოლიდან ვიცი, რომ როგორც კი ფანქრის და ფუნჯის ხელში დაკავება ვისწავლე, იმ დღიდან ვხატავ. როგორც დედა ამბობს, ასაკთან შედარებით ყოველთვის განსაკუთრებულად ვხატავდი. მახსოვს, ეზოში რომ ხის ნაფოტს, ტოტებს, რაიმე უცნაური ფორმის ხეს,  ან რაიმე ნატეხს ვიპოვიდი, ყველაფერს ვაგროვებდი, გამოვიტანდი საღებავებს, ფუნჯებს, პლასტელინს და ჩემს ფანტაზიას საზღვრებს ვუხსნიდი, ამ მომენტში  მსოფლიოში ჩემზე  ბედნიერი ადამიანი არ მეგულებოდა. არასდროს არაფერს ვყრიდი, თუნდაც ცარიელ ყუთებს, ფურცლებს, გახარჯულ კალმებს, მოკლედ ყველაფრისგან რაღაცას ვქმნიდი.  ამის გამო, ჩემი ოთახი ყოველთვის გადატვირთული იყო, მაგრამ  სიმართლე რომ გითხრათ  მინიმალისტი ნამდვილად არ ვარ და რაც მეტი ნივთი მაქვს მით უფრო მეტი მუზა მომდის თავში.

„მედიაცენტრი მთავარი“: თქვენი პროფესიაც საკმაოდ შორსაა ხელოვნებასთან…

ლელა სარიშვილი: დიახ, ასეა. დავამთავრე ეკონომიკის ფაკულტეტი, გარკვეული პერიოდი ბანკშიც ვმუშაობდი,  აწ უკვე  3 წელია აქტიურად გადავერთე ხატვაზე და ჰობი უკვე პროფესიად და შემოსავლის წყაროდ ვაქციე. არ ვიცი სამომავლოდ რა მოხდება, ცხოვრება ხომ სიურპრიზებითაა სავსე, მაგრამ. გეგმები მაქვს და ვეცდები მივყვე მათ. ამ გეგმებში კი ხელოვნებას და ხატვას საკმაოდ დიდი ადგილი უკავიათ.

„მედიაცენტრი მთავარი“: ხატვა – ხატვაა, თუმცა, წყალზე ხატვა რაღაც ცულ სხვა სამყაროა. საიდან გაიგეთ წყალზე ხატვის შესახებ და რატომ დაინტერესდი?

ლელა სარიშვილი: 12 წელი სკოლა ისე დავამთავრე ინტერნეტი არ მქონია, არც ტელეფონი, ამასთანავე სკოლაშიც არ გვყავდა ხატვის მასწავლებელი და რასაც ვქმნიდი, ხატავდი ყველაფერს ჩემით ვიგონებდი. როცა  უმაღლესში ჩავაბარე, თავისუფალ დროს ვიჯექი და ვუყურებდი ხატვის მასტერკლასებს, ვიდეო გაკვეთილებს, ან უბრალოდ  სხვის ნამუშევრებს ვაკვირდებოდი, ვაანალიზებდი, ვსწავლობდი და მივხვდი, რომ თუ მოვინდომებდი, ინტერნეტის გამოყენებით ჩემს ტექნიკას დავხვეწდი და უფრო მეტად გავიზრდებოდი როგორც ხელოვანი.

ერთ დღესაც, ჩემმა  დეიდაშვილმა,  გამომიგზავნა 3 წუთიანი ვიდეო სადაც თურქი მხატვარი ხატავს ვანგოგის „ვარსკვლავებიან ღამეს“ წყალზე.  ამ 3 წუთში  ტვინში ყველაფერი შეიცვალა, ვერ აგიღწერთ რა მოხდა.  მოჯადოებული ვუცქერდი ეკრანს და მიკვირდა აქამდე რატომ არავინ გამოჩნდა საქართველოში ვინც ამ მიმდინარეობას გააცნობდა ხალხს, იმდენად ჯადოსნური იყო ეს წუთები, ერთდროულად იმდენ რამეზე დავიწყე ფიქრი,  მივხვდი, რომ ეს ვიღაც მე უნდა ვყოფილიყავი და ეს გრძნობა სხვისთვისაც უნდა გამეზიარებინა. სასწრაფოდ მოვიძიე საქართველოში წყალზე მხატვრები, გავიკითხ-გამოვიკითხე, მაგრამ უშედეგოდ. სოციალურ ქსელებშიც ვეძებე, „გუგლშიც“, მოკლედ სადაც ხელი მიმიწვდებოდა, მაგრამ ვერავინ ვიპოვე.  მერე უცხოელები მოვძებნე, დავიმეგობრე სოციალურ ქსელში და მათი დახმარებით გავარკვიე წყალზე ხატვისათვის საჭირო საღებავების შესახებ, რომლებიც არსად იყიდებოდა საქართველოში.  საბოლოოდ, ყველაფერი მამიდამ გამომიგზავნა მოსკოვიდან,  ის  რომ არა, მე დღეს წყალზე მხატვარი არ ვიქნებოდი.  

„მედიაცენტრი მთავარი“: და მაინც, რა არის ეს „ებრუს“ ხელოვნება, მოგვიყევი ამ ხელოვნების შესახებ?

ლელა სარიშვილი: „ებრუს ხელოვნება“, იგივე წყალზე ხატვა, ძველი თუქული, უკვე მივიწყებული ხატვს ტექნიკაა, ესაა ცხიმოვან წყალზე ფერადი პიგმენტების წვეთებად შერევის ხელოვნება. შემდგომ, მისი გადმოტანა შესაძლებელია სხვადასხვა მასალაზე, უმეტესად ფურცელზე გადმოაქვთ და ნახატის სახით ინახავენ. შესაძლებელია რაიმე სუვენირის, ხის მასალის, ასევე, აბრეშუმის ამოვლებაც. წყალზე ხატვის ერთ-ერთი საოცარი მიმდინარეობაა ე.წ. Body Marbling-ი, რაც გულისხმობს წყალზე დახატული ნამუშევრების სხეულზე გადატანას. მე ძირითადად  ამ მიმართულებით ვარ დაინტერესებული.

„მედიაცენტრი მთავარი“:   შესაძლებელია ნახატის ან ფიგურის გამეორება?

ლელა სარიშვილი: „ებრუს“ ხელოვენბაზე საუბრის დროს არ შეიძლება არ ვახსენო ის ფაქტი, რომ წყალზე დახატული თითოეული ნამუშევარი არის 100%-ით უნიკალური,  შეუძლებელია წყალზე 2 ცალი იდენტური ნახატის დახატვა. უნდა აღინიშნოს ასევე წყალზე ხატვის თერაპიული შესაძლებლობებიც, ყურება ხომ საოცრად საინტერესო და მომაჯადოვებელია, მაგრამ  ხატვა საოცარი თერაპიაა, თუნდაც უბრალოდ აბსტრაქციების ხატვას, წყალზე ფერების ცეკვას სხვა სამყაროში გადაჰყავხარ.


„რატომ არავინ გამოჩნდა საქართველოში, ვინც ამ მიმდინარეობას გააცნობდა ხალხს… მივხვდი რომ ეს ვიღაც მე უნდა ვყოფილიყავი“

„რატომ არავინ გამოჩნდა საქართველოში, ვინც ამ მიმდინარეობას გააცნობდა ხალხს… მივხვდი რომ ეს ვიღაც მე უნდა ვყოფილიყავი“

„მედიაცენტრი მთავარი:“ საქართველოში, თქვენ  ერთ-ერთი პირევლი ხართ ამ საქმეში?

ლელა სარიშვილი: იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ვერ ვიპოვე ადამაინი ვინც ამ ხელოვნებას შემასწავლიდა, მომიწია ამ გზის დამოუკიდებლად გავლა.  თუმცა, მინდა გითხრათ, რომ უკვე მივეჩვიე და სასიამოვნოც კია ეს პროცესი, როცა შენით ეძებ, იკვლევ, აკვირდები, მერე პრაქტიკაზე სწავლობ და  ვფიქრობ, რომ თვითნასწავლობა ყველაზე მყარი ცოდნის საფუძველია.

რა თქმა უნდა რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა იწყებ და  ერთდროულად უამრავი კითხვა გიტრიალებს თავში, მაგრამ, არავინ გყავს, ვინც მათზე პასუხებს გაგცემს,  ყველაფერი შენით უნდა მოიძიო, ამ დროს ათმაგად და ასმაგად აზროვნებ, ეძებ და როცა პასუხს მიაგნებ, იმდენად სასიამოვნოა, რომ გინდა  ეს პროცესი სამუდამოდ გაგრძელდეს.   ჯერ წყალზე ხატვა ვისწავლე ჩემით, მერე  „სპრეი არტი“ და სამომავლოდაც მაქვს გამზადებული რამოდენიმე განსხვავებული ხატვის ტექნიკა, რომლებზეც ახლა ვმუშაობ.

„მედიაცენტრი მთავარი:  რა იყო პირველი ნახატი წყალზე?

ლელა სარიშვილი: არასოდეს დამავიწყდება წყალზე საღებავის დაწვეთების პირველი ემოცია. მიკვირდა როგორ ჩერდებოდა საღებავები წყლის ზედაპირზე და როგორ ვრცელდებოდა წრიულად ძალიან სუფთად და ლამაზად. პირველი ნახატი წყალზე იყო 3 ყვითელი ყვავილი დიდი მწვანე ფოთლებით, ერთი შეხედვით უმარტივესი მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული ნახატია. ამ ნამუშევარს საპატიო ადგილი აქვს ჩემს სახლში.

 „მედიაცენტრი მთავარი:“ სირთულეები, რომელიც ამ ხელოვნებას ახლავს?  

ლელა სარიშვილი:  როდესაც წყალზე ხატვის საწყის ეტაპზე ვიყავი და ვარკვევდი როგორ ხდება საღებავების დამზადება, რამდენი გრამი ფხვნილი და რამდენი ლიტრი წყალია საჭირო ებრუს წყლის მოსამზადებლად, ერთ-ერთმა პრაღელმა წყალზე მხატვარმა მითხრა, რომ ჩემი პროპორციები უნდა მეპოვნა, ყველა წყალზე მხატვარს თავისი წესები აქვს, როგორ მოამზადოს საღებავი და „ებრუს წყალი“.

მაშინ, მან ზოგადად მითხრა, რა როგორ ხდება და ერთ დღესაც შენს საღებავებს და წყალსაც მიაგნებო.  ასე რომ, აი პირველი სირთულე, საღბავები და ებრუს წყალი, ამის გაკეთება უკვე დიდი საქმეა, მე  2  წელი დამჭირდა ამ ყველაფრისათვის…  მეორე სირთულე უკვე ხატვის პროცესია, წყალი ფურცლისაგან განსხვავებით  არამყარია, მუდმივად მოძრაობს, ძალიან რთულია წყლის ზედაპირზე საღებავების კონტროლი, ასევე უმნიშვნელოვანესია წყალში ფურცლის ჩადების ტექნიკაც, ისე რომ ფურცელი წყალს იდეალურად სწორად დაეკროს და თან ამ პროცესში ნახატიც არ დაზიანდეს.  აღარაფერს ვამბობ თავად ხატვაზე,  ყვავილების ხატვა მარტივია, თუმცა ადამიანების ან რაიმე კონკრეტულის ხატვა ძალიან რთულია. ვფიქრობ მთავარი მონდომება, სიყვარული და შრომაა.


„ყველა წყალზე მხატვარს თავისი წესები აქვს, როგორ მოამზადოს საღებავი და „ებრუს წყალი“.

„მედიაცენტრი მთავარი:“  რას გამოხატავთ ნამუშევრებით?

ლელა სარიშვილი: ნამუშევრებით გამოვხატავ ჩემს განწყობებს, გრძნობებს, ფიქრებს. ნებისმიერი რამე ან ვინმე შეიძლება გახდეს ჩემი შთაგონების წყარო, ინსპირაციას ძირითადად ხალხისგან ვიღებ, ქუჩაში სეირნობის დროს, ვაკვირდები და გონებაში წარმოვიდგენ როგორ გადამაქვს ეს ყველაფერი ტილოზე. ადამიანების გარდა, ჩემს უშრეტ ინსპირაციის წყაროს წარმოადგენს ბუნება და მუსიკა.  ხატვის პროცესში  ძირითადად მუსიკას ვუსმენ, ან მე თავად ვღიღინებ. მუსიკა ჩემს ფანტაზიებს საზღვრებს უშლის, აფართოებს და ფრთებს ასხამს.

„მედიაცენტრი მთავარი:“ რის მიხედვით არჩევთ რა უნდა დახატოთ?

ლელა სარიშვილი: წინასწარ თითქმის არასოდეს ვიცი, რას დავხატავ საბოლოოდ. რა თქმა უნდა, ხატვის დაწყებამდე გონებაში წარმოვიდგენ ნახატს და შემდგომ ვცდილობ მის ფურცელზე, ტილოზე ან წყალზე გადატანას, მაგრამ განსაკუთრებით წყალზე ხატვის შემთხვევაში, პროცესში ხშირად ვცვლი ნახატს და  საბოლოო შედეგი რადიკალურად განსხვავდება ჩემი წარმოდგენილი ნახატისაგან.

„მედიაცენტრი მთავარი:“ ნახატების რელიზაცი სად ხდება?

ლელა სარიშვილი:  ნამუშევრების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, სოციალურ ქსელებში. ძირითადად, შეკვეთებით ვხატავ. ასევე, ვხატავ ღონისძიებებზე, დაბადების დღეებზე, ქორწილებზე, კორპორატიულ საღამოებზე, ფესტივალებზე.

„მედიაცენტრი მთავარი“: სახატვრო სტუდიაც კი შექმენით, რა ხდება თქვენს სტუდიაში?

ლელა სარიშვილი: დავაფუძნე სამხატვრო სტუდია „არტ ფაქტორი“, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, ისწავლონ წყალზე ხატვის ხელოვნება 3 თვიანი კურსის მეშვეობით. დაესწრონ ებრუს მასტერკლასებს და უბრალოდ, დრო სასიამოვნოდ გაატარონ და განიტვირთონ.

სამხატვრო სტუდიის ლოგო განსაკუთრებით მომწონს,  ეს არის მფრინავი ოქროს თევზი.  ნუ თევზი რომ წყალთან ასოცირდება ეს ხომ უდავოა, ჯადოსნური რომაა ისევე როგორც წყალზე ხატვის პროცესი ესეც ნათელია და ბოლოს, თევზი რომ დაფრინავს ეს იმის მანიშნებელია, რომ ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია ოცნება, შრომა და მონდომება.

„მედიაცენტრი მთავარი“: თქვენი სამიზნე…

ლელა სარიშვილი:  მინდა, ძალიან ბევრი ტექნიკა ვისწავლო, განსხვავებული, ახალი, ინოვაციური.  ჩემი ოცნებაა პერსონალური გამოფენის მოწყობა, რომელსაც ერთ დღეს აუცილებლად ავიხდენ.

წყალზე ხატვას რაც შეეხება,  სამომავლოდ კვლავ განვაგრძობ მუშაობას და კიდევ უფრო გავიზრდები როგორც ებრუს ხელოვანი. როცა საკმარისად  მოვგროვდებით საქართველოში წყალზე მხატვრები, მინდა წყალზე ხატვის, ებრუს საერთაშორისო დღესთან მიძღვნილი ფესტივალი ჩატარდეს  საქართველოში, სადაც მსოფლიოდან ჩამოვლენ წყალზე მხატვრები, ჩამოიტანენ თავიანთ საუკეთესო ნამუშევრებს და აქაც დახატავენ ქართველი მაყურებლებისთვის.

ამას გარდა, უდიდესი სურვილი მაქვს შევქმნა სრულიად ახალი ხატვის ტექნიკა, ჩემს  ხელოვნებას საზღვარგარეთაც თუ ეყოლება მიმდევრები ხომ საერთოდ სიზმარში მეგონება თავი.  ვფიქრობ ყველა ადამიანს თავისი დანიშნულება აქვს ამ ცხოვრებაში. ჩემი ერთ-ერთი დანიშნულებაც სწორედ ეს არის,  მინდა ჩემი პატარა ქვეყანა მთელმა მსოფლიომ გაიცნოს და შეიყვაროს, ამას კი ყველაზე უწყინარი გზით შევეცდები –  ჩემი ხატვისადმი სიყვარულით“.

მარიამ გელაშვილი

მსგავსი თემები