შესაძლებელია, სს პასუხისმგებლობა 14 წლამდე მოზარდებსაც დაეკისროს  

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, შესაძლებელია,  14 წლამდე ასაკის მოზარდებზეც გავრცელდეს. აღნიშნულის საჭიროებას ხედავენ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ისე საკანონმდებლო ორგანოშიც. იუსტიციის მინისტრი კი სს პასუხისმგებლობის ასაკის შემცირების კატეგორიული წინააღმდეგია.
შსს საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომელსაც პარლამენტს მალე წარუდგენს. როგორც მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, სამინისტრო პარლამენტს თხოვნით მომართავს, რათა მართლმსაჯულების კოდექსში გარკვეული, ტექნიკური ცვლილებები განხორციელდეს. იუსტიციის მინისტრი კი ამბობს, რომ აღნიშნულს არ შეეგუება.
„თუ ამ კოდექსში არის რაიმე ისეთი, რაც გამომძიებელს აწუხებს, შესაძლებელია, ეს ტექნიკური საკითხები შესწორდეს, თუმცა, ფუნდამენტი არ უნდა შეიცვალოს. არავითარ შემთხვევაში არ  შევეგუები იმას, რომ ვინმემ ისაუბროს, რომ, ჩვენ, თურმე, 14 წლის ქვემოთ უნდა დავწიოთ სისხლის სამართლებრივი სრულწლოვანება. თუ ტექნიკურ დაზუსტებებზეა საუბარი, რომ გამოძიება უფრო ეფექტური იყოს, დიახ, რატომაც არა, მაგრამ არა  უფლებების ხარჯზე,“ – აცხადებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
გიორგი გახარიას პოზიციას მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტშიც იზიარებენ და აღნიშნულის ერთ-ერთი მიზეზი არასრულწლოვანთა მხრიდან სს დანაშაულის ჩადენის შემთხვევებია.

მსგავსი თემები