ქვეყანას სჭირდება ყველასგან დამოუკიდებელი სასამართლო – ალექსანდრე ბარამიძე სასამართლო რეფორმაზე

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე აცხადებს, რომ სასამართლო ხელისუფლებაში და ზოგადად მართლმსაჯულებაში კორპორატივიზმი სრულიად შეუწყნარებელია, ქვეყანას სჭირდება ყველასგან დამოუკიდებელი სასამართლო და არავინ ვინმეს სამსახურში მყოფი. 

ალექსანდრე ბარამიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს, სასამართლო რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო, გარკვეული ადამიანების ძალისხმევით, სასამართლო რეფორმის სხვადასხვა ეტაპზე მთელი რიგი კანონპროექტები იბლოკებოდა. მათ შორის არის, სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევის წესზე კანონპროექტი. ასევე, ჩავარდა სასამართლო ინსპექტორის დამოუკიდებელი ინსტიტუტის იდეა.

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე იუსტიციის საბჭოში მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის არსებობაზე საუბრობს.

“კანონპროექტი, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ წარადგინა და რომლის შემუშავებაში პირადად ვმონაწილეობდი, საბოლოოდ სწორედ ამ ხალხის ძალისხმევით არ გავიდა პარლამენტში. იგივე ადამიანების დახმარებით განეიტრალდა სასამართლო ინსპექტორის ახალი ინსტიტუტი. იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ინსპექტორი აერჩია პარლამენტს. ის არის პირი, რომელიც იწყებს დისციპლინურ წარმოებას. ამ ხალხის ძალისხმევით იუსტიციის საბჭოს დაექვემდებარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის, ვერც საბჭოსგან დამოუკიდებელი იქნება”, – აცხადებს ალექსანდრე ბარამიძე.

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ყურადღებას ამახვილებს მოსამართლეებისთვის გამოსაცდელი ვადის არსებობასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ მთელ რიგი შეზღუდვები, რასაც პარლამენტმა უყარა კენჭი, ყველა მოსამართლისთვის იყო გათვალისწინებული, თუმცა აქედან გამორიცხეს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი და ყოფილი წევრები. ის მოსამართლეები, რომლებსაც მინიმუმ სამწლიანი მუშაობის სტაჟი გააჩნიათ.

“ვინღა დარჩა? პირდაპირ სკოლის მერხიდან მისულ ადამიანს თუ არ ჩათვლით, დანარჩენზე აღარ ვრცელდება გამოსაცდელი ვადა. ამ პრობლემაზე ვსაუბრობდი 2015 წელსაც, როდესაც ნინო გვენეტაძე აირჩიეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. არჩევიდან ძალიან მალე შეხვდა მთელს მოსამართლეთა კორპუსს, მათ შორის, იმ დროს საინიციატივოდ გამზადებული მესამე ტალღის კანონპროექტებთან დაკავშირებით. ეს შეხვედრა შედგა იუსტიციის უმაღლესი სკოლის შენობაში. შეხვედრას ვესწრებოდი და ვნახე ქუჩის მიტინგის მსგავსი კომუნიკაცია მოსამართლეებისა და პირადად გვენეტაძის წინააღმდეგ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის წევრების მხრიდან. მაშინ ვთქვი, რომ ისინი ნუ წარმოიდგენენ, რომ პარლამენტში კანონების ინიცირების უფლება აქვთ; რომ ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან გამომდინარე, პარლამენტი მიიღებს იმ კანონებს, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის სურთ თუ არა ეს მათ. ჩემს სიტყვებს მაშინ, მათი მხრიდან საშინელი გაღიზიანება მოჰყვა. ეს იყო საჯარო შეხვედრა. სხვა შიდა შეხვედრებში ყოველთვის ვაცხადებდი, რომ არ შეიძლებოდა იმაზე მეტი უფლებამოსილების მინიჭება ამ კლანისთვის, ვიდრე ეს კონსტიტუციით ხელისუფლებათა დანაწილების პრინციპით არის გათვალისწინებული”, – განაცხადა ალექსადრე ბარამიძემ “მთავარში”. 

მსგავსი თემები