პრეზიდენტს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების ნებისმიერ მომენტში სჭირდება მთავრობის თანხმობა – მამუკა მდინარაძე

საქართველოს პრეზიდენტს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების ნებისმიერ მომენტში სჭირდება მთავრობის თანხმობა. ყოველ შემთხვევაში, კონსტიტუციაში ასე წერია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელმა პროცესმა დაადასტურა, რომ შეუძლებელია ვინმემ იმაზე იდავოს, პრეზიდენტმა დაარღვია თუ არა კონსტიტუცია.

,,კონსტიტუციის თანახმად, წარმომადგენლობით უფლებამოსილებას მთავრობის თანხმობა სჭირდება ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. აქამდე ქვეყნის გარეთ ითხოვდა. მათმა პოზიციამ შეიძლება, ახალი პრაქტიკა მოგვცეს. პრეზიდენტი წარმომადგენლობით უფლებამოსილებას თუ ასრულებს ქვეყნის შიგნით, მას ასევე სჭირდება თანხმობა. როგორც ერთ იურისტს, მიმაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების ნებისმიერ მომენტში სჭირდება მთავრობის თანხმობა. ყოველ შემთხვევაში, კონსტიტუციაში ასე წერია. აქამდე ამას ყურადღებას არავინ აქცევდა. ლოიალური დამოკიდებულება იყო, რომ პოლარიზაცია არ გაღრმავებულიყო.

ახლა შეიძლება, პრეცედენტი დავდოთ, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების ნებისმიერ ფორმას, მათ შორის არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ, არამედ შიგნითაც თანხმობა სჭირდება. როცა პრეზიდენტის მხრიდან ყოველგვარი ზღვარი, წითელი ხაზი, რუბიკონი გადაიკვეთა, მთავრობამ ამის შემდეგ იმოქმედა. ის წლების განმავლობაში ელჩების დანიშვნაზე პრობლემას ხდიდა და „ვატარებდით“. ვთქვით, მოდით, აღარ „გავატაროთ“. ეს კეთდება მაშინ, როცა მოთმინების ზღვარი წყდება და სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები ზიანდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები