ტურისტები, რომლებიც მკურნალობაში ფულს არ იხდიან, კლინიკებს ათასობით ლარით აზარალებენ  

საქართველოში უცხოეთიდან შემოსული ტურისტები, რომლებსაც სამოგზაურო დაზღვევა არ აქვთ, ხოლო კლინიკები იძულებულნი არიან, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის გამო მათ მოემსახურონ, რამდენიმე ათასობით ლარის, ფინანსურ ზარალს განიცდიან, იმის გამო, რომ ხშირ შემთხვევაში ტურისტები არ იხდიან მკურნალობის საფასურს.

​როგორც მცხეთის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი ნიკა ჭელიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, მსგავსი შემთხვევები მათ კლინიკაში ხშირია, როდესაც პაციენტის მიერ თანხის გადაუხდელობის გამო ისინი 10 000-დან 20 000-მდე ლარის ზარალს განიცდიან.

​მისივე ინფორმაციით, ამ პრობლემას ძირითადად ქმნიან პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან შემოსული ტურისტები, რომლებსაც არ აქვთ დაზღვევა. მათ ძირითადად უტარდებათ ტრავმატოლოგიური და სხვა გადაუდებელი ოპერაციები. თუმცა, მსგავსი პრობლემა კლინიკას არ აქვს ევროპის ქვეყნებიდან შემოსულ ტურისტებთან.

​კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, მცხეთის სამედიცინო კლინიკამ უკვე მიმართა სასამართლოს. კლინიკა რუსეთის მოქალაქეს, 50 წლამდე ასაკის ქალბატონს, ერთთვიანი მკურნალობის საფასურის, 15 000 ლარის გადახდას სთხოვს. პაციენტი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად უმძიმესი მდგომარეობით შეიყვანეს კლინიკაში, ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, მაგრამ ფულის გადახდაზე უარი განაცხადა.

“რაიმე შემთხვევის დადგომის დროს, კლინიკა, როგორც ლეგალურად, ასევე მორალურად ვალდებულია მოემსახუროს უცხო ქვეყნის ტურისტს, თუმცა, უკუგება არ ხდება, თანხის ანაზღაურებაზე პაციენტი აცხადებს უარს, ასეთები ძირითადად არიან პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან. რუსეთიდან, სომხეთიდან და ა.შ. მათ არ აქვთ სამოგზაურო დაზღვევა. მართალია დავის შემთხვევაში არსებობს სამართლებრივი გზები, მაგრამ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც გადაწყვეტილება რჩება აღუსრულებელი. ხელში გრჩება ცარიელი სასამართლო ფურცელი, რადგან მოპასუხე მხარე წასულია თავის ქვეყანაში. ეს არის არა მხოლოდ ერთი კლინიკის, არამედ ზოგადი პრობლემა. ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში არის სავალდებულო დაზღვევა”, – აცხადებს ნიკა ჭელიძე და ერთადერთ გამოსავალს სავალდებულო დაზღვევის შემოღებაში ხედავს.

მისივე თქმით, უცხო ქვეყნების მოქალაქეებს მომსახურებაზე უარს ვერ ეუბნებიან, მით უმეტეს, თუ მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება. როცა საქმე ადამიანის სიცოცხლესთან გაქვს.

“მედიაცენტრ მთავარის” ინფორმაციით, მსგავს მდგომარეობაშია საქართველოში არსებული ბევრი კლინიკა, რომელთა ზარალიც 20 000 -დან 60 000 ლარს აღწევს.

მსგავსი თემები