სექსუალური ძალადობის მცდელობით დაზარალებული თამთა თოდაძის ადვოკატი დღეს პროკურორს შეხვდება (ექსკლუზივი)

თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ბრალდებულ ილია ჯიშკარიანის მხრიდან დაზარალებულ თამთა თოდაძის ადვოკატი დღეს, პროკურორს შეხვდება. როგორც „მედიაცენტრი მთავარისთვის“ გახდა ცნობლი, დაზარალებული მხარე იმ დამატებითი მტკიცებულების გაცნობას ითხოვს, რაც ბრალდების მხარეს უნდა მოეპოვებინა.

თამთა თოდაძის ადვოკატი თამარ ლუკავა „მედიაცენტრ მთავართან“ შეხვედრას ადასტურებს თუმცა,  ამბობს, რომ ზუსტი დრო, ამ ეტაპისთვის, უცნობია.

„ჯერ, შეხვედრის დრო შეთანხმებული არ გვაქვს, ეს დამოკიდებულია პროკურორის  გრაფიკზე. როგორც ეცლება, მის მიხედვით. შეხვედრის მიზანია მასალებიც გაცნობა. ჩვენ თვითონ გვაქვს სურვილი შეხვედრის და იმ მასალებს გაცნობის, რაც ამ დროისთვის, პროკურატურამ დამატებით მოიძია. საუბარია დამატებით მტკიცებულებებზე, რომელიც პროკურატურას უნდა მოეპოვებინა, საგამოძიებო პროცესში არიან და შესაბამისად, მასალებიც უნდა მოეპოვებინათ. თუ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გვექნება სიახლე, ამას გავაჟღერებთ. თუ არა, 18 ნოემბრადე, არაფრის თქმას ვაპირებთ“, – განუცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარს“.

ბრალდებული ილია ჯიშკარიანისა და დაზარალებული თამთა თოდაძის სასამართლო პროცესი სწორედ 18 ნოემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინეს. საკრებულოს დეპუტატს ბრალად ედება, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და ცემა. პროკურატურამ დაზარალებულად ცნო თავად თამთა თოდაძე.

თავად დეპუტატი ბრალს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ეს არის ძალიან მძიმე  ცრუ ბრალდება, რომელსაც არ აღიარებს.

მსგავსი თემები