სატრანსპორტო საშუალების სამ თვეზე მეტი ვადით გზაზე მიტოვება ჯარიმას გამოიწვევს

სატრანსპორტო საშუალების სამ თვეზე მეტი ვადით გზაზე მიტოვება ჯარიმას გამოიწვევს. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შედის, რომლის ინიციატორები დეპუტატი ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი და გოგა გულორდავა არიან.

კანონპროექტით განისაზღვრება, რომ სატრანსპორტო საშუალების სამ თვეზე მეტი ვადით გზაზე მიტოვება 50 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.

ცვლილებებით დაკონკრეტებულია, რომ მიტოვებულად მიიჩნევა სატრანსპორტო საშუალება, თუ მას არ აქვს ძრავა, ან საბურავები, ან უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო სხვა ნაწილები.

„საქართველოს ტერიტორიაზე გახშირებულია გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებების გზებზე მიტოვება. კანონმდებლობით ასევე არ არის განსაზღვრული ამ პრობლემის მოგვარებისთვის შესაბამისი რეგულაცია. კანონპროექტის მიღება კი, აღნიშნული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი სანქციების შემოღებას უკავშირდება“, – ნათქვამია კანონპროექტში.

მსგავსი თემები