აჭარაში რაგბის დაარსებიდან 28 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა  

​ბათუმის სარაგბო კლუბმა, აჭარის რაგბის განვითარების ფონდთან ერთად, საკუთარ არენაზე  დღეს, მნიშვნელოვან საზეიმო ღონისძიებას უმასპინძლა.

“აჭარაში რაგბის დაარსებიდან 28 წლისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებები” დღის პირველი ნახევრიდან დაიწყო და ტრადიციულად სამ ეტაპად გაგრძელდა.
საბავშვო სარაგბო ფესტივალთან ერთად, ბათუმის სარაგბო არენამ, ბათუმის უმაღლესი ლიგის გუნდისა და ვეტერან მორაგბეთა სიმბოლური მატჩი ჩაატარა.

სარაგბო დღესასწაული გაიზიარეს ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებმა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოქმედი და წინამორბედი თავმჯდომარეები, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს წევრები, რეგიონის მინისტრთა კაბინეტი, ქალაქ ბათუმის მერი, საქართველოს პარლამენტის წევრები და სხვა მაღალი რანგის საჯარო მოსამსახურეები.

“ჩვენთან ერთად, ჩვენმა მრავალგზის პარტნიორებმა, აჭარაში მოქმედმა წარმატებულმა ბიზნესმენებმა, უმნიშვნელოვანესი დღე სარაგბო არენაზე ამჯერადაც დიდი სიხარულით იზეიმეს, რაც ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის, სარაგბო ოჯახის მტკიცე მხარდაჭერისა და იმ დიდი იდეალების აღსრულების დასტურია, რომელიც ერთად დავისახეთ 28 წლის წინ! სასიხარულოა ჩვენი მეგობარი სპორტსმენების, მოჭიდავეების, ფეხბურთელების, მკლავჭიდელებისა და ყველა სახეობის წარმომადგენლის ხილვა იმ დიდ ზეიმში, რომელიც ჩვენთვის ესოდენ ძვირფასია”, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

ღონისძიებას ე.წ მესამე ტაიმის გარეშე არ ჩაუვლია, ოფიციალური ნაწილის შემდეგ, სარაგბო თემატიკამ ქართულ სუფრაზე გადაინაცვლა.

მსგავსი თემები